„საქართველოში სახელმწიფო ბალანსზე არსებული სპორტული ობიექტები განადგურების პირასაა მისული. ამის ნათელი და თვალსაჩინო მაგალითია ხობის სპორტული კომპლექსი, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირის დროს ერთ-ერთ უდიდეს ბაზად ითვლებოდა ფაქტიურად განადგურებული და გამოუსადეგარია. 1983 წელს გახსნილი ხობის სპორტული კომპლექსის ტერიტორიაზე, სადაც განთავსებული იყო ცენტრალური სტადიონი, სტანდარტული ზომის სავარჯიშო მოედნები, სპორტული დარბაზი, კოშკურიანი აუზი, პატარა ზომის ორი აუზი, ოლიმპიური სტანდარტების მქონე აუზი და საცხოვრებელი კორპუსი დღეს ანტისანიტარიისა და ეპიდემიის კერად არის ქცეული. ხობის ცენტრში მდებარე სპორტული ინფრასტრუქტურა, სადაც საწვრთნელ შეკრებებს არამარტო ქართველი სპორტსმენები, არამედ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები ატარებდნენ დღეს ყველასგან უყურადღებოდ და უპატრონოდ არის მიტოვებული და მიგდებული. ამ სავალალო ვითარების გამოსწორებაზე არც წინა და არც ამჟამინდელი ხელისუფლება ფიქრობს და ზრუნავს.“ - განაცხადა ლაშა დვალიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






