როგორც ახვლედიანმა „ნიუპოსტს“ განუცხადა სუს-ის წარმომადგენლები მის ახლობლებს ემუქრებიან და აშანტაჟებენ.
„ჩემს ახლობლებს არ ურჩევენ ჩემთან ურთიერთობას, არც სატელეფონო საუბარს და ეუბნებიან, რომ თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება მათ, მათ ოჯახებს, სამსახურში პრობლემები შეექმნათ“- აღნიშნა ახვლედიანმა და იქვე დასძინა, რომ როგორც მას ეუბნებიან, მსგავს ქმედებებს სუს-ის წარმომადგენლები ახორციელებენ.
ამ განცხადების შემდეგ „ნიუპოსტი“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს დაუკავშირდა.
უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა არმაზ ახვლედიანის ახლობლებზე შანტაჟსა და მუქარას კატეგორიულად გამორიცხა და აღნიშნა, რომ თუ ახვლედიანს კონკრეტული ინფორმაცია აქვს საგამოძიებო ორგანოს მიმართოს.
”სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამორიცხავს, რომ სუს-ის მხრიდან არმაზ ახვლედიანზე ან რომელიმე სხვა პოლიტიკოსზე ან არმაზ ახვლედიანის მიერ დასახელებულ პირებზე ხორციელდებოდეს უკანონო მოსმენები ან თვალთვალი. თუ ასეთი განცხადებების ავტორებს აქვთ რაიმე ფაქტის დამადასტურებელი ინფორმაცია მიმართონ საგამოძიებო უწყებებს. თუ გამოძიების შედეგად მსგავსი ფაქტი დადასტურება, ვინც არ უნდა იყოს ეს პიროვნება, აუცილებლად აგებს კანონის წინაშე პასუხს” - აღნიშნა გიორგობიანმა.
სუს -ის აღნიშნული განცხადება შეაფასა თავად არმაზ ახვლედიანმა. მისი თქმით, მას ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს, რადგან სამართალდამცავი სტრუქტურა პოლიტიზირებულია.
„ძალიან სამწუხაროა, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასე პირდაპირ, დაუყოვნებლივ გამორიცხავს რაიმე სახის ზეწოლას. ეს ჩემთვის იმის მაჩვენებელია, რომ სუს-ს კარგად აქვს გაცნობიერებული რა ხდება. ამიტომაც ვაბობ, რომ ვერ ვხედავ გამოძიების ჩატარების აზრს. ამ ეტაპზე ეს არ მოიტანს შედეგს იმიტომ რომ პოლიტიკური კონექტურა ახდენს გავლენას პროკურატურასა თუ სხვა სამსახურებზე. „ქართული ოცნების“ ამ პოლიტიკით ჩვენი ქვეყანა ძალიან ცუდ შედეგს მიიღებს, როცა პოლიტიკურ ოპონენტებზე ხორციელდება ამ ტიპის ზეწოლა. ამ სამსახურებს კი პოლიტიკურ დაკვეთას პოლიტიკური ცენტრიდან აძლევენ და ეს დამკვეთიც და შემსრულებელიც ჩემთვის ცნობილია“- განუცხადა „ნიუპოსტს“ ახვლედიანმა.
კითხვაზე ვინ უკვეთავს ზეწოლას ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭოს ყოფილმა წევრმა კონკრეტულად არ უპასუხა.
მასალის გამოყენების პირობები






