ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სლოვაკეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი დილის 09:45 საათზე დაეშვა. ანდრეი კისკას ოფიციალურ დელეგაციას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე დახვდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში პირველად შედგა.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება სლოვაკეთის პრეზიდენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის შეხვედრა აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში. შეხვედრის შემდეგ არჩილ ხაბაძე ოფიციალურ სტუმრებთან ერთად სასტუმრო ჰილტონში დაგეგმილ ბიზნეს ფორუმს გახსნის. სლოვაკეთიდან საგანგებოდ ჩამოსული ბიზნესმენებისა და ინვესტორებისთვის რეგიონის ბიზნესგარემოსა და ტურისტული პოტენციალის პრეზენტაცია გაიმართება. სტუმრებს მიესალმებიან საქართველოსა და სლოვაკეტის პრეზიდენტები. იქვე გაიმართება B2B შეხვედრები ბიზნესმენებს შორის.
ორმხრივი ბიზნეს ფორუმის შემდეგ ანდრეი კისკა გიორგი მარგველაშვილთან და არჩილ ხაბაძესთან ერთად მოინახულებენ ბათუმის 26-ე საჯარო სკოლაში არსებულ ინკლუზიური სწავლების ცენტრს და დაათვალიერებენ ცენტრის ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენას. მოგვიანებით კი ბათუმის ბულვარში გაისეირნებენ.
ანდრეი კისკას ვიზიტი საქართველოში 2 ივნისს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები






