ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესზე მსჯელობენ გადაცემა „არჩევანში“ ჟურნალისტები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები და პოლიტიკოსები. აღნიშნულ საკითხზე საუბრისას, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის“ ლიდერმა, ბაჩუკი ქარდავამ აღნიშნა, რომ „რუსთავი 2“-ის დახურვა საქართველოს დასავლეთისკენ სვლას ხელს შეუშლის და ქვეყანას იზოლაციაში მოაქცევს:
„კარგია ალბათ, რომ რუსთავი 2 ბრძოლით ხვდება დაბადების დღეს და ეს დაბადების დღე გამარჯვების მომტანი იქნება აუცილებლად, რუსთავი 2-სთვის, სხვა არჩევანი უბრალოდ ქართულ საზოგადოებას ნამდვილად არ აქვს.
მაგრამ მსურს განსხვავებული პოზიცია გამოვხატო ხელისუფლებასთან მიმართებით, ვფიქრობ, რომ არჩევანი არ აქვს ხელისუფლებასაც, მან უბრალოდ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, გადააყოლებს ქართულ სახელმწიფოს იმ თავის პრობლემებს, რომელიც მან შეუქმნა ოთხი წლის განმავლობაში თავის თავს, ჩაატარებს ისეთ არჩევნებს, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია სამართლებრივ საფუძველზე არ ექნება არც ქვეყნის გარეთ და არც ქვეყნის შიგნით, თუ ამ ყველაფერს გააკეთებს რუსთავი 2-ის გარეშე, იმ სასამართლოს გარეშე, რომლის კატალიზატორიც ერთის მხრივ რუსთავი 2-იც აღმოჩნდა, თუ როგორი სასამართლო გვყავს ჩვენ, ეგრეთ წოდებული მუსერიძის სასამართლო, რომ არა რუსთავი 2 და ის აქტივობა, რაც საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით მოხდა, შეიძლება არ ყოფილიყო ვეტო საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი იყო გარკვეული მზადება 8 ოქტომბრის არჩევნებისთვის, ანუ ხელისუფლება, რომელმაც არაფერი არ გააკეთა თავისი ამომრჩევლისთვის, იმ ამომრჩევლისთვის, რომელსაც ჰპირდებოდა ფოჩიან კანფეტებს, ბუნებრივია კარგად ხვდება, რომ 8 ოქტომბერს შედეგი არ ექნება, მან შედეგი შესაძლოა ერთადერთ შემთხვევაში მიიღოს, თუ რუსთავი 2 დადუმდება და ქართულ საზოგადოებას არ ეცოდინება რეალობა და სიმართლე.
ჩვენ გვაქვს დასავლური გზა, რომელიც ოფლის, სისხლის ფასად, ვერ ვიტყვი, რომ არის გარღვევები, მაგრამ ამ მიმართულებით მაინც არის წინსვლა. ვიზალიბერალიზაცია, ვარშავის სამიტი ახლოვდება, არავინ იცის მთელი ეს პროცესები რა შედეგებამდე მიიყვანს ჩვენს ქვეყანას და სწორედ რუსთავი 2 შეიძლება აღმოჩნდეს ის პრობლემა, რამაც შესაძლოა საბოლოოდ დაასრულოს ჩვენი სვლა და მოგვაქციოს იზოლაციაში, თუმცა, მე არ ვარ დარწმუნებული ეს რამდენად აწყობს ხელისუფლებას, სჭირდება დასავლეთი თუ შეგნებულად სჭირდება რუსთავი 2, რომ ის, რასაც ღიად ვერ ამბობს ქართულ საზოგადოებაში, რომ მისი ორიენტაცია არის სხვა, უბრალოდ შენიღბოს ამ ქმედებებით“, - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






