„მე არაერთხელ გამოვთქვი ჩემი სურვილი - არ ვისურვებდი, რომ მეხილა „რუსთავი 2“ შეცვლილი და მიმეცა ამითი ვინმესთვის რაიმე სპეკულირების საშუალება, მითუმეტეს, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, წინასაარჩევნო პერიოდში. სასამართლო არის სასამართლო, ის იხილავს საკუთრების საკითხს, ეს არის სამოქალაქო პროცესი. ჩვენ აქ ჩარევის არანაირი უფლება არ გაგვაჩნია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვადასტურებ - ჩემი სურვილია, რომ სალაპარაკო ამითი არავის არ მიეცეს. რამდენად მოხდება რაიმე ცვლილება ან არ მოხდება, ამას წინასწარ ვერ გეტყვით. მაგრამ მე შემიძლია, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ - შეიძლება მქონდეს წყენაც, პრეტენზიაც, ეს ადამიანურია.ხანდახან წარმატება არ წარმოჩინდება, ხანდახან მხოლოდ უარყოფითის გაშუქება ხდება, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა დემოკრატიისთვის. ამაზე არანაირი პრეტენზია არ შეიძლება კერძო ტელვიზიის მიმართ მქონდეს, როგორც პრემიერ-მინისტრს. მაგრამ არის ინსტიტუციები და ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია ის შეურაცხყოფები, რომელსაც ამ ინსტიტუციებს რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი აყენებს. აღარ ვლაპარაკობ, იმაზე პრემიერ-მინისტრის მისამართით რასაც ლაპარაკობს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ თავისუფალი ქვეყანა გვაქვს და ყველაფერი შეიძლება, მაგრამ, მეორე მხრივ, მოსახლეობა ამას უყურებს, რომ ადამიანი, რომელსაც ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს ასეთი გონორი საუბრის, დღეს, სამწუხაროდ, ასე საუბრობს, ადამიანი, რომელიც იყო ერთ-ერთი შემოქმედი ყველაფერ იმის, რაც 2007 წელს ხდებოდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ვემხრობი, რომ „რუსთავი 2“ დარჩეს ისეთად, როგორიც არის, „რუსთავი 2“-ს ყავდეს დირექტორი ნიკოლოზ გვარამია, არავითარ საშიშროებას ჩვენთვის ეს არ წარმოადგენს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობ“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






