ტელეკომპანია რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესი ხვალ 10:00 საათზე განახლდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლეთა კოლეგიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ნიკა გვარამიას პროტესტი მოჰყვა:
„დღეს საბოლოოდ გაიშიფრა ეს კოლეგია, განსაკუთრებით ბოლო მომენტში, როდესაც ისე ჩანიშნეს სხდომა, როცა საერთოდ არ გვკითხეს გვცალია, არ გვცალია ხვალ დილით 10 საათზე რამდენად შესაძლებელია პროცესის განახლება. რატომ არის ეს ასე საჩქარო, მაშინ, როცა არასდროს, არცერთ ვითარებაში სასამართლო საქართველოში მიყოლებით ასე პროცესებს არ ნიშნავს, ზუსტად ისევე მოიქცა სასამართლოს თავმჯდომარე ნატა ნაზღაიძე, როგორც იქცეოდა მოსამართლე ურთმელიძე, უბრალოდ გამოაცხადა სხდომის თარიღი, ადგა და გაიქცა. გაიქცა სრულიად სამარცხვინოდ, ეს არ არის მოსამართლე, ეს ქალბატონი არის ზონდერი, მისი ორი კოლეგაც მათ შორის, მათდა უნებურად შესაძლოა, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი ერთ ტრიადას წარმოადგენენ ამ პროცესში, ანგარიშს უსწორებენ რუსთავი 2-ს, დემოკრატიას და სიტყვის თავისუფლებას, ეს ადამიანები არ წარმოადგენენ სასამართლოს, ისინი აუცილებლად აგებენ პასუხს ურთმელიძესთან ერთად, პასუხს აგებს ყველა დავალების გამცემი, ყურადღებით მოეკიდოს საქართველოს იუსტიციის საბჭო, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ამაში ღრმად არის ჩართული, ყურადღებით მოეკიდოს ამ პროცესს სასამართლოს თავმჯდომარე ვალერი ცერცვაძე, რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ ღრმად არის ჩართული იმაში, რაც ახლა აქ ხდება. არავინ მათ არ აპატიებს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სავარაუდოდ ხვალინდელ პროცესზე რუსთავი 2-ის წართმევასთან დაკავშირებით, მოჰყვება მთელს საქართველოში“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მასალის გამოყენების პირობები






