საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა წერილი გამოაქვეყნა. ივანიშვილი საუბრობს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და ასევე ხაზს უსვამს „თანაინვესტირების ფონდის“ საქმიანობას, ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ მას საქართველოში არავითარი ბიზნესინტერესი არ აქვს. წერილში ასევე ნათქვამია, რომ ივანიშვილი „ხელისუფლებაში მოსვლისა და რაიმე თანამდებობისთვის არ იბრძვის“.
ივანიშვილი წერილში იხსენებს 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარცევნო პერიოდს და აცხადებს, რომ აღნიშნული პერიოდი „მთლიანად მათი სცენარით წარიმართა“:
„მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილმა ყველა აკრძალული ხერხი გამოიყენა, კალაპოტიდან მაინც ვერ ამოგვაგდო, ვერცერთ პროვოკაციაზე ვერ წამოგვაგო და წინასაარჩევნო პროცესი მთლიანად ჩვენი სცენარით წარიმართა. არჩევნების წინ თბილისში მანამდე უპრეცედენტო მასშტაბის აქცია გაიმართა, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა ქუჩაში და ყველაფრის მკადრებელ და ყველაფერზე წამსვლელ რეჟიმს ძალაუფლება უსისხლოდ დავათმობინეთ.
უპასუხისმგებლო და მოძალადე მთავრობის ნაცვლად ჩამოვაყალიბეთ მოსახლეობის მიმართ ანგარიშვალდებული მთავრობა, რომლის საქმიანობაც მაქსიმალურად გამჭვირვალეა. სრულად აღმოვფხვერით ელიტური კორუფცია. დღეს ყველაზე რადიკალური ოპონენტებიც კი ვერ უარყოფენ ამ ფაქტს და ვერ გვაბრალებენ კორუფციის მფარველობას.
ამ ოთხ წელიწადში ჩავატარეთ სამაგალითო - 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნები და ბოლო მოვუღეთ მოქალაქეებისთვის ხმების მოპარვის დანაშაულებრივ პრაქტიკას. დარწმუნებული ვარ, მომავალი საპარლამენტო არჩევნებიც ასევე ყველაზე მაღალი სტანდარტებით ჩატარდება“, - ნათქვამია საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის წერილში.
მასალის გამოყენების პირობები






