საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა წერილი გამოაქვეყნა.
ივანიშვილი საუბრობს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე და ასევე ხაზს უსვამს „თანაინვესტირების ფონდის“ საქმიანობას, ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ მას საქართველოში არავითარი ბიზნესინტერესი არ აქვს. წერილში ასევე ნათქვამია, რომ ივანიშვილი „ხელისუფლებაში მოსვლისა და რაიმე თანამდებობისთვის არ იბრძვის“. ივანიშვილი საქართველოს საგარეო კურსზე საუბრისას აცხადებს, რომ „უნდა გვესმოდეს, ევროკავშირში საქართველოს მიღების საკითხი უახლოეს დღის წესრიგში არ დგას“:
„კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირში საქართველოს მიღების საკითხი უახლოეს დღის წესრიგში არ დგას. ასევე გარკვეული ლოდინი დაგვჭირდება, ვიდრე ნატოს წევრები გავხდებით, რადგან ეს რთული გეოპოლიტიკური პროცესის ნაწილია და მხოლოდ ჩვენს სურვილსა და მზადყოფნაზე არ არის დამოკიდებული, თუმცა, ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქცეს სპეკულირების და, მით უმეტეს, იმედგაცრუების საბაბად.
საქართველოს საგარეო კურსი და ორიენტირი ერთმნიშვნელოვნად არის ევროატლანტიკური მიმართულება! ჩვენ მოთმინებით დაველოდებით ხელსაყრელ დროს, მზად ვიქნებით და ევროატლანტიკური სტრუქტურებში შევალთ მაშინვე, როგორც კი ჩვენი მეგობრები და პარტნიორები კარის გაღებას შეძლებენ“, - ნათქვამია ივანიშვილის წერილში.
მასალის გამოყენების პირობები






