საქართველოს მთავარმა პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ კორცხელში მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა, შოთაძის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე ვიცე-პრემიერის, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის, კახა კალაძის დაკითხვა არ იგეგმება. მისივე განცხადებით, საქმეზე დაკითხვები გრძელდება. მთავარ პროკურორს სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.
„ვინც მონაწილეობდა ამ კონფლიქტში, ყველა დაიკითხება. ნაწილი დაკითხულია, დღესაც იკითხებოდნენ, ვინც ამ ინციდენტში იყვნენ ჩართულნი. იმ მტკიცებულებებით, იმ ვიდეოკადრებით, რომელიც საქმეში არსებობს, კახა კალაძის დაკითხვის აუცილებლობა გამოძიების წინაშე არ არსებობს“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
კალაძის დაკითხვას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ითხოვს. საპარლამენტო უმცირესობის განცხადებით, ბანდფორმირებას, რომელიც პოლიტიკოსებისადმი განხორციელებულ ფიზიკურ შეურაცხყოფაში იღებდნენ მონაწილეობას, კახა კალაძე მეთაურობდა.
მასალის გამოყენების პირობები






