წელს პირველად, სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალი თბილისის გარდა, საქართველოს ხუთ რეგიონში გაიმართება. ასევე პირველად, საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის ორკესტრთან ერთად დღეს დაუკრავენ დიდი ბრიტანეთის, ლატვიისა და აშშ-ის სამხედრო ორკესტრები.
დამოუკიდებლობის დღესასწაულზე გათვალისწინებულია ავიაშოუს ელემენტებიც. თავისუფლების მოედანზე განლაგდება ქართული და ამერიკული სამხედრო ტექნიკა. საკუთარი კუთხე ექნება სხვადსხვა უწყებას - მოწყობილია 13 მეტრიანი კონსტრუქცია, სადაც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის წესებს კიდევ ერთხელ შეახსენებენ.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სადღესასწაულო პროგრამის ფარგლებში, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, პროექტ დროის ამბავის ფარგლებში, ე.წ. დროის კაფსულა ჩაიდება, პირველი რესპუბლიკის ბაღში კი გაფორმდება ლევილის მამულის გადმოცემის შესახებ წინასწარი შეთანხმება.
პარალელურად, დილიდან მოეწყობა ყვავილების ფესტივალი, მოძრაობის, პანტომიმისა და ქუჩის თეატრის დასების მსვლელობა და წარმოდგენები. რუსთაველზე გამოიფინება ისტორიული ექსპონატები. სპეციალური პროგრამაა გათვალისიწინებული ბავშვებისთვის.
საზეიმო ღონისძიებებს თბილისში სპეციალურად მოწვეული სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები დაესწრებიან. საპატიო სტუმრებს შორის იმყოფება მოლდოვის ვიცე პრემიერი, ასევე სამხრეთ კავკასიაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენლი, კრისტიან ვიგენინიც. ფიცის დადების ცერემონიასა და სხვა ღონისძიებებს ასევე თავდაცვის საერთაშორისო კონფერენციის დელეგატები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
თბილისის გარდა, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა კონცერტი გაიმართება ქვეყნის ყველა თვითმმართველ ქალაქში.
მასალის გამოყენების პირობები






