,,გუშინ შს მინისტრმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეორე სამმართველოს უფროსად პოლკოვნიკი ვალერი სიხარულიძე დანიშნა. ეს სამმართველო დისლოცირდება სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე, ფლობს სპეციალური დანიშნულების რაზმებს, ატარებს სპეციალურ ოპერაციებს. მარტივად რომ ვთქვათ, მას ევალება საოკუპაციო ზოლის მიმდებარე ტერიტორიების, მათ შორის ხურჩას, დაცვა. ოკუპანტის მიერ ცოტა ხნის წინ საქართველოს მოქალაქის ცინიკური მკვლელობის შემდეგ ამგვარი საკადრო გადაადგილება თითქოს გასაგები უნდა იყოს. მაგრამ, სიხარულიძე სულ ახლახანს, 2015 წლის ნოემბრის ბოლოს თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციის დასკვნის (რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ) საფუძველზე ნეპოტიზმისა და კორუფციის ფაქტების გამო გათავისუფლებულ იქნა გენშტაბის სახმელეთო ძალების უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელის პოსტიდან. მაშ რამ აიძულა შს მინისტრი გადაედგა ესოდენ უპასუხისმგებლო ნაბიჯი და მაშინ, როდესაც ხურჩაში მოკლული ოთხოზორია ჯერ დაკრძალულიც არაა, ჩაებარებინა ესოდენ ცხელი უბანი უმოტივაციო, კორუმპირებული ნეპოტისტისთვის? მითუმეტეს, სიხარულიძეზე არსებობს მოსაზრება, რომ ის მინიმუმ რუსების გავლენის აგენტია. თანაც, დანამდვილებით ვიცი, რომ მისი დანიშვნა გააპროტესტა თავდაცვის მინისტრმა და მას პარასკევს აღუთქვეს, რომ საკითხი მოხსნილია. გუშინ კი დანიშვნის ამბავი სრულიად შემთხვევით გაიგო. დარწმუნებით შემიძლია ვამტკიცო, რომ შესაბამისი "ცოდნის" მქონე ზურგის ოფიცერი ამ მიმართულებით გაამწესეს გუბერნატორ შონიას, აფხაზეთელი ქურდების და ოკუპანტების მიერ შექმნილი კონტრაბანდის სქემების გასამყარებლად. რუსებთან სავარაუდო კავშირი ამ სამუშაოს წარმოებისას მას უდაოდ დაეხმარება. არ იფიქროთ, რომ აწ უკვე მისი წინამორბედი შენგელია დაისაჯა ხურჩის მკვლელობის გამო - ის მშვიდობიანად იქნა გადაყვანილი იგივე დეპარტამენტის ვაზიანში დისლოცირებული პირველი სამმართველოს უფროსად. აბა როგორ, ისიც და სიხარულიძეც ხომ ამ დეპარტამენტის ხელმძღვანელის ლორთქიფანიძის მეგობრები და პროტეჟეები არიან. თქვენ იკოთხავთ: და ხურჩა, და საოკუპაციო ზოლი? და დაუცველი მოსახლეობა? ამ კითხვებზე პასუხებს ჩვენ გაგცემთ უკვე 8 ოქტომბრის მერე. მანამდე კი - დათმობა, დაბეჩავება, კონტრაბანდა, კორუფცია, ნეპოტიზმი...“ - წერს გივი თარგამაძე ფეისბუიქის გვერდზე.
,,ნიუპოსტი“ პოლკოვნიკ ვალერი სიხარულიძის დანიშნასთან დაკავშირებით შს სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.



მასალის გამოყენების პირობები






