ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2016“ დასრულდა. ვაზიანის სასროლეთზე ქართველმა, ამერიკელმა და ბრიტანელმა სამხედროებმა ერთობლივი ოპერაცია წარმოადგინეს. დასკვნით საჩვენებელ სწავლებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ევროპული ჯარების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ფრედერიკ ბენ ჰოჯესი, ნატოს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე, გენერალ სერ ადრიან ბრედშოუ და სხვა მაღალი რანგის სტუმრები დაესწრნენ.
წვრთნების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებისთვის კომენტარი საქართველოში აშშ-ს ელჩმა იან კელიმ გააკეთა და აღნიშნა, რომ იგი „ქართველ და ამერიკელ ჯარისკაცებს შორის განსხვავებას ვერ პოულობდა“.
”ამ დილით ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა წვრთნებმა, რომელიც ჩატარდა საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით. მე განსხვავებას ვერ ვხედავდი ქართველ და ამერიკელ სამხედროებს შორის, იმდენად გაუმჯობესდა ამ ორი ქვეყნის მოსამსახურეთა თავსებადობა. ეს არის ნამდვილი მახასიათებელი იმისა, თუ რამდენად განვითარდა საქართველოს შეიარაღებული ძალები“, - განაცხადა იან კელიმ.
მასალის გამოყენების პირობები






