საქართველოს თავდაცვის მინისტრი, თინა ხიდაშელი კორცხელის ინციდენტში სამხედრო მოხელის მონაწილეობასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს. ხიდაშელის განცხადებით, მან დღეს დილითვე მისცა გენშტაბს დავალება, რომ აღნიშნულ ფაქტზე მოკვლევა დაიწყოს. ამის შესახებ ხიდაშელმა „პალიტრა ნიუსის“ ეთერში ისაუბრა:
”დილითვე მქონდა თათბირი გენშტაბთან და მივეცი დავალება - ძალიან სწრაფად მოიკვლიონ ეს საკითხი და თუ დადასტურდა მისი ბრალეულობა, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილება. ის არის რიგითი სამხედრო, ის არ არის ოფიცერი და მე როგორც თავდაცვის მინისტრი მყისიერად რეაგირებას ვერ მოვახდენდი. ის რომ ყოფილიყო ოფიცერი, გარწმუნებთ დღეს ის შეიარაღებულ ძალებში აღარ იქნებოდა. ამ გადაწყვეტილებას მე დღეს დილითვე მივიღებდი.
დაუშვებელია, კატეგორიულად მიუღებელია, მაშინაც კი, როდესაც სამხედრო დათხოვნაშია და შაბათ-კვირას ის დათხოვნაში იყო, ამის მიუხედავად მონაწილეობდეს მსგავსი ტიპის აქციაში. ეს შეიარაღებულ ძალებში არსებული ყველა წესების საწინააღდეგოა. სირცხვილია, რომ ასეთი ადამიანი ატარებდეს სამხედრო მოსამსახურის ფორმას”, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
მასალის გამოყენების პირობები






