„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, ირაკლი კობახიძე სამეგრელოში სოფელ კორცხელში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გამარჯვების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ საარჩევნო უბანზე მძიმე გარემო იყო. მისივე თქმით, საეჭვოდ მცირეა საერთო სტატისტიკასთან შედარებით გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობა:
„რეალურად, იყო ასეთი სურათი, რომ მეორე და მესამე გადათვლას შორის სხვაობა იყო 40 ხმა. ეს თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ ძალიან მძიმე იყო გარემო საარჩევნო უბანზე. საეჭვოდ მცირეა საერთო სტატისტიკასთან შედარებით გაბათილებული ბიულეტენების რაოდენობა. ესეც იძლევა ეჭვის საფუძველს მანიპულაციებთან დაკავშირებით და ა.შ. შესაბამისად, ნამდვილად არსებობდა საფუძველი, რომ ორივე უბანზე გადათვლილიყო ხმები. ეს პროცესი, დარწმუნებული ვარ, მშვიდ გარემოში წარიმართება საოლქო კომისიაში. როგორი შედეგიც დაიდება, ისეთი შედეგით დასრულდება, ბუნებრივია, ეს არჩევნები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






