მინისტერიალი გაიხსნა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების მოლაპარაკებათა საკითხებში ევროკომისარის იოჰანეს ჰანის მისასალმებელი სიტყვით.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება 1 ივლისიდან სრულად ამოქმედდება.
"დღევანდელ შეხვედრაზე ქალბატონმა მოგერინიმ აღნიშნა, რომ განიხილება საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ფარგლებში საქართველოს ასოცირების შეთანხმების საბოლოდ ძალაში შესვლის შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა არის. ძალიან მოკლე დროში მოხდა ევროკაშირის ყველა წევრი ქვეყნის პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვება საქართველოსთან ასოცირების შეთანხმების კუთხით და იგი სრულად ამოქმედდება 1 ივლისიდან. როგორც მოგეხსენებათ, ასოცირების შეთანხმება პირობითად ძალაშია შესული 2014 წლის 1 სეტემბრიდან. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზეც, თუ რა დადებითი შედეგები მოუტანა საქართველოს ასოცირების შეთანხმების პირობითად ამოქმედებამ. ასევე ვისაუბრეთ იმ პოლიტიკურ შედეგებზე, რაც დემოკრატიული განვითარების კუთხით მოიტანა ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციამ. ვისაუბრეთ ასევე სამომავლო დღის წესრიგზე, რომელიც იქნება კიდევ უფრო ამბიციური და კიდევ უფრო მეტი ინტეგრაციის საშუალებას მისცემს საქართველოს. პოლიტიკური ინტეგრაციის კუთხით ხაზი გავუსვით მნიშველობას, რომ ასოცირების შეთანხმების ქვეყნებისთვის უფრო მეტი შესაძლებლობები უნდა იყოს დ აუფრო ღიად უნდა იყოს საუბარი შემდგომ ღრმა ინტეგრაციაზე, ასევე იმ ინსტრუმენტებზე, რომლებიც ევროკავშირმა ასოცირებული ქვეყნების მიმართ უნდა გამოიყენოს"-აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






