"ნაციონალური მოძრაობის" მტკიცებით, ხელისუფლება ოპოზიციურ ძალას სპეციალურად შექმნილი "ზონდერჯგუფის" მეშვეობით გაუსწორდა. ოპოზიციის ინფორმაციით, აგრესიული ჯგუფს ვიცე-პრემიერი კახა კალაძეა აფინანსებს, უშუალო ხელმძღვანელი კი კალაძის ცოლის ძმა გიორგი არეშიძეა.
"ნაციონალური მოძრაობა" ხელჩართულ ჩხუბში მონაწილეთა კადრებს ავრცელებს. მათ შორისა ვლადიმერ გეგეშიძე - ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე სპორტსმენი - საქართველოს ნაკრების წევრი. ზუგდიდში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეთა შორის სახელდება ასევე კობა ტყეშელაშვილი, რომელიც საქართველოს შერეული ორთაბრძოლის ფედერაციის დამფუძნებელია.
ფაქტია, რომ ქართული პოლიტიკა მუშტის სიდიდეზე გადის. ხელისუფლება, რომელსაც 2012 წელს ქვებითა და ხელკეტებით დასდევდენ, 4 წლის თავზე იგივეს აკეთებს და როგორც ექსპერტი გია ხუხაშვილი ამბობს ამას საკმაოდ უნიჭოდ აკეთებს.
„კორცხელში მომხდარი ფაქტი არის იმის დადასტურება, რომ ქართული ოცნება არაფრით განსხვავდება „ნაციონალური მოძრაობისგან“, რომელიც ამგვარი საქციელის გამო არჩევნების გზით იქნა გასტუმრებული ხელისუფლებიდან. წინა ხელისუფლებასთან იგივე პრეტენზია გვქონდა, რომ ის იყენებდა ზონდერებს ოპონენტების წინააღმდეგ. ასევე ჯიბეში ყავდა მურუსიძის სასამართლო... როგორც ჩანს წინა ხელისუფლების ეს მახინჯი ინსტრუმენტები მოქმედისთვის საკმაოდ კომფორტულია. მაშინ დგება საკითხი, როცა გარღვევა არ გაქვს არცერთი მიმართულებით, მოსახლეობის კეთილდღეობის კუთხით არ შეინიშნება არანაირი კეთილდღეობა. ერთადერთი რითაც შეგვეძლო მოქმედი გუნდი გაგვემართლებინა ავტორიტარულ მმართველობაზე უარის თქმა იყო, თუმცა აქაც გაჩნდა კითხვის ნიშანი. ამ ყველაფერს მოჰყვება ამომრჩევლის რეაქცია და შესაბამისი გადაწყვეტილება“- აღნიშნა „ნიუპოსტთან“ გია ხუხაშვილმა.
მისი თქმით, სააკაშვილის ხელისუფლება ოპონენტების წინააღმდეგ ზემოთაღნიშულ ინსტიტუტებს ეფექტურად იყენებდა, ქართული ოცნებას კი უნიჭო პაროდია გამოსდის.
„სააკაშვილის გუნდი, ამით შედეგს მაინც იღებდა. დღევანდელი ხელისუფლება ოპოზიციას ებრძვის იგივე მეთოდებით, თუმცა იმდენად უხარისხოდ, რომ ბუმერანგივით უკან უბრუნდება. ეს პაროდიულ ხასიათს უფრო ატარებს, რაც „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ მომავალს ბუნდოვანს ხდის“- თქვა ექსპერტმა ჩვენთან საუბრისას.
გია ხუხაშვილის თქმით, ხელისუფლებაში სრული ინტელექტუალური, ორგანიზაციული და პოლიტიკური კრიზისია და რამე თუ არ შეიცვალა, სახელმწიფოსთვის ამის შედეგები სავალალო იქნება.
ექსპერტი სამათალდამცავი ორგანოების უმოქმედობაში ადანაშაულებს. ხუხაშვილი შიშობს, რომ „თუ წარმოვიდგენთ დაახლოებით ანალოგიურ სიტუაციას მთელი ქვეყნის მასშტაბით, უმართავ პროცესსა და კრიზისს მივიღებთ“.
„კადრებში ინციდენტში მონაწილე ნებისმიერი პირის იდენტიფიცირებაა შესაძლებელი, მიუხედავად ამისა შს სამინისტრო ორი დღეა დუმს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლებამ დღესაც არ იცის რა ნაბიჯი გადადგას. თუ მოახდენენ სამართლებრივ რეაგირებას, შიდაპარტიული პრობლემებს უნდა ელოდოს. ფაქტის რეაგირების გარეშე დატოვებით კი შეიძლება არჩევნების ლეგიტიმაცია დადგეს კითხვის ქვეშ“- განმარტა გია ხუხაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






