კახეთში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების უმტესობამ რაკეტების არქონის გამო ვერ იმუშავა. ამის შესახებ სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ ”დელტას” ყოფილმა ხელმძღვანელმა , უჩა ძოძუაშვილმა გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა. ამასთანავე ძოძუაშვილი ინტერვიუში განმარტავს, რომ გასულ წელს რაკეტების ნაწილის შესყიდვა მოხდა, ნაწილისთვის კი კომპონენტები იქნა შეძენილი, რათა საქართველოში წარმოება მომხდარიყო. ძოძუაშვილი აღნიშნავს, რომ ადგილობრივი წარმოება უფრო იაფი დაჯდებოდა,მისი თქმით ”დელტამ” რაკეტების წარმოებისთვის თანხა, თავდაცვის სამინისტროსგან პროცედურებისა და ვადების დაცვით მოითხოვა.
ძოძუაშვილის თქმით, გარდა იმისა, რომ იყო საცეცხლე წერტილები, რომლებსაც არ გააჩნდათ რაკეტები, ასევე შეზღუდვა არსებობდა ”საქჰაერონავიგაციისგან”, რადგან საჰაერო ზონაში თვითმფრინავი იყო და იმ საცეცხლე წერტილებისთვის, რომლებიც რაკეტებით იყო აღჭურვილი, ცა შეზღუდული იყო.
”რადარმა ღრუბელი დააფიქსირა, შეტყობინებიდან გამომდინარე ითქვა, რომ ის დასამუშავებელია და თუ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ არ გაისროლა, ეს ნიშნავს, რომ რაკეტა არ იყო. გასროლები ნაწილობრივ განხორციელდა, თუმცა ”საქჰაერონავიგაციის” მხრიდანაც იყო შეზღუდვა - თვითმფრინავი ჰაერში იმყოფებოდა და იმ საცეცხლე წერტილებისთვის, რომლებიც რაკეტებით აღჭურვილი იყო, ცა შეზღუდული იყო. თუმცა იყო საცეცხლე წერტილები რაკეტების გარეშე. არსებობს ”თაიმლაინი”, რომლის მიხედვითაც მოვითხოვეთ თანხა სამინისტროსგან. ამ ”თაიმლაინის” მიხედვით, რაკეტები დამზადდებოდა 15 აპრილისთვის და სისტემაც სრულად იქნებოდა მზად. ეს თანხა არაერთხელ მოვითხოვეთ. ამჟამად მიმდინარეობს მოკვლევა და დაველოდოთ შედეგებს. მხოლოდ ამის შემდეგ გესაუბრებით დეტალებზე. საქართველოში ერთი რაკეტის წარმოება 150 ლარი დამიჯდებოდა, რაც რამდეჯერმე უფრო იაფია, ვიდრე მისი სხვა ქვეყნიდან ჩამოტანა. როცა არ ხდება თანხის დროული გამოყოფა, შესაბამისად არ ხდება რაკეტების დროული წარმოება. მარტივი მათემატიკაა: 0 ლარს + 0 რაკეტა=მილიონის ზარალს” - განაცხადა ძოძუაშვილმა. კითხვაზე, თუ რატომ არ მოხდა რაკეტების შეძენა, "დელტას" ხელმძღვანელმა ასე უპასუხა: "რაკეტა "სნიკერსი" და "კოკა-კოლა" არ არის, რომ სუპერმარკეტში გაიქცე და იყიდო. ეს არის რთული კომპონენტური სისტემა. მწარმოებელი არასდროს აწარმოებს კომპონენტს წინასწარი შეკვეთის გარეშე", - აღნიშნა ძოძუაშვილმა.
”დელტას” ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ დღეს ”დელტას” უფრო მეტი მოგება მოაქვს, ვიდერე მის შენახვას საბიუჯეტო ასიგნებები სჭირდება.
წყარო "კვირის პალიტრა"
მასალის გამოყენების პირობები






