საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და ვიცეპრემიერი კახა კალაძე კორცხელში მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებეს. კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტიკა ახალ საფეხურზე უნდა გადავიდეს, დამნაშავემ კი კანონის წინაშე პასუხი უნდა აგოს:
"დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე. ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში უნდა დავასრულოთ პოლიტიკოსების, ერთმანეთის მიმართ მუშტით ანგარიშსწორება, ეს ჩვენ ყველამ ერთად წარსულს უნდა ჩავაბაროთ, საქართველოში პოლიტიკა ახალ, თანამედროვე საფეხურზე უნდა გადავიყვანოთ. მოკვლევა, იდენტიფიცირება დაწყებულია, ჩვენ მოვისმინეთ შსს-ს მიერ გაკეთებული განცხადება. დარწმუნებული ვარ, ყველა ეს ადამიანი იქნება დაკავებული და კანონის წინაშე აგებს პასუხს. ისინი არიან მხარდამჭერები, ზოგი პარტიის წევრია, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს, ბატონ გიგა ბოკერიას, მელიას ახლდათ თავიანთი მხარდამჭერები, "ქართულ ოცნებას" ჰყავდა მხარდამჭერები, ეს საარჩევნო პროცესში ნორმალურია, ხდება მობილიზება მხარდამჭერების, გამხნევება, ეს სიახლე არ არის. თუმცა ფაქტი, რომელიც მოხდა, პირადად ჩემთვის და მთლიანად "ქართული ოცნებისთვის" არის კატეგორიულად მიუღებელია და ზოგადად ქვეყნის დემოკრატიულად განვითარებას ხელს უშლის", - განაცხადა კახა კალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






