ცესკომ ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 სთ-ისმდგომარეობით წარადგინა. გლდანში, აღნიშნული დროისთვის ამომრჩეველთა 11,2 % მივიდა, გარდაბანში - 26,3%, კასპში - 40,3%, წყალტუბოში - 50,4%, ოზურგეთში - 49,3%, ხობში - 44,7% და ზუგდიდში - 54,1%. საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის პროცესი მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.შეგახსენებთ, რომ იმ ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქებში, სადაც ტარდება არჩევნები, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 54, 314-ს შეადგენს. (იხ. ფოტო)
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე, ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ მედიას ასევე მიაწოდა ინფორმაცია საჩივრებთან დაკავშირებით, - „მოცემული დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში შესულია 10 საჩივარი, ხოლო საარჩევნო უბნებზე- 8. აღსანიშნავია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებსა და საუბნო საარჩევნო კომისიებში ზოგიერთი საჩივარი ანალოგიურია, ვინაიდან უფლებამოსილ პირებს, კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღის პროცედურებთან დაკავშირებული საჩივრების წარდგენა ორივე დონის საარჩევნო კომისიებში შეუძლიათ.
ასევე, აღვნიშნავ, რომ საჩივრები შეეხება მხოლოდ უმნიშვნელო პროცედურულ ხარვეზებს, რომლებზეც შესაბამისი საარჩევნო კომისია იმსჯელებს,“ - განაცხადა ანა მიქელაძემ.
ბრიფინგის ბოლოს მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ამომრჩევლებს აქტიურობისკენ.
მასალის გამოყენების პირობები






