ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის ვებ გვერდზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ნასვამ მდგომარეობაშ მყოფი ოთხოზორია შესაბამისი დოკუმენტების გარეშე ცდილობდა ე.წ. საზღვრის გადაკვეთას, რის შედეგადაც ინციდენტი მოხდა მასსა და "მესაზღვრეებს" შორის. კონფლიქტმა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოინაცვლა, სადაც ოთხოზორია ცეცხლსასროლი იარაღით იქნა მოკლული. მარიონეტული რეჟიმი ცდილობს მთლიანად აიღოს პასუხისმგებლობა ამ ფაქტზე და რუსეთის საოკუპაციო ძალებს უდანაშაულოდ წარმოაჩენს.
"ამ ფაქტთან დაკავშირებით, აფხაზეთის რესპუბლიკის სამხედრო პროკურატურამ აფხაზეთის უშიშროების სამსახურის სასაზღვრო რაზმის სამხედრო მოსამსახურეების მიმართ აღძრა სისხლის სამართლის საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით", - ნათქვამია მარიონეტული რეჟიმის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აპირებს, რომ აღნიშნული ფაქტი განხილულ იქნას გალში, ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებების "ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების ფორმატის" ფარგლებში, და ასევე, 14-15 ივნისს, ჟენევის მოლაპრაკებების ფორმატში. "აფხაზეთის პროკურატურის" თხოვნის საფუძველზე აპირებს საქართველოს მხარეს მოსთხოვოს ყველა ის მასალა, რომელიც აღნიშნულ საქმეს უკავშირდება.
დასასრულს, მარიონეტული რეჟიმის საგარეო საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ტრეგიკული ინციდენტის გამო და აღნიშნავს, რომ საქართველოს მხარე ცდილობს ეს ფაქტი ვითარების მორიგი ესკალაციის მიზნით გამოიყენოს და პოლიტიკური ქულები ჩაიწეროს და მომხდარში რუსეთის მხარე, "საოკუპაციო ძალა", დაადანაშაულოს.
მასალის გამოყენების პირობები






