თავისუფალი დემოკრატები ე.წ კაბელების საქმესთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დღეს აქციით გააპროტესტებენ.
გამაფრთხილებელი აქცია დღეს, 14:00 საათზე, პროკურატურასთან გაიმართება.
"ჩვენ შაბათს 21 მაისს 14:00 საათზე საპროტესტო აქციას გავმართავთ პროკურატურასთან. ეს იქნება პირველი აქცია. როცა ღირსეულ მოქალაქეებს ასე ექცევიან, ყველა უნდა დავფიქრდეთ რას ნიშნავს ეს ჩვენი ქვეყნისთვის. მე ბოლომდე ვიბრძოლებ, ვპირდები მათ, რომ არ მივატოვებ ტყვეობაში და არ დავტოვებ ამ ბრძოლაში ერთი ერთზე უსამართლობასთან"- თქვა ალასანიამ სპეციალურ გრიფინგზე.
ცნობილია, რომ აქციაში მონაწილეობას პარტიის მხარდამჭერები რეგიონებიდანაც მიიღებენ.
ამასთან, როგორც ალასანიამ გუშინ მედიის წარმომადგენლებს განუცხადა,აქციაზე არ იქნება გამოყენებული პოლიტიკური პლაკატები და ატრიბუტიკა.
შეგახსენებთ, სასამართლოს გადაწყვეტილებით თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ მაღალჩინოსანს პატიმრობა შეეფარდათ,მათ სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვას ედავებოდნენ. სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით განისაზღვრა.
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების უკან "თავისუფალი დემოკრატები" ბიძინა ივანიშვილის ხელს ხედავენ და კაბელების საქმესთან დაკავშირებით შაბათს აქციას პროკურატურასთან გამართავენ.
ე.წ “კაბელების საქმესთან” დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც.სექტორი მიიჩნევს, რომ საქმესთან დაკავშირებულმა გარემოებებმა შექმნა არასრულფასოვანი მართლმსაჯულების განხორციელებისა და პროცესის პოლიტიზირების განცდა.
მასალის გამოყენების პირობები






