არასამთავრობო ორგანიზაციები აპროტესტებენ 2016 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ე.წ. „კაბელების საქმეზე“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რითიც სასამართლომ დანმაშავედ სცნო თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი და სასჯელის სახედ მსჯავრდებულებს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კამპანიის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ პატიმრობაში მყოფ ყოფილ საჯარო მოხელეებს და მათი ოჯახის წევრებს.
,,კამპანიის მონაწილე ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ „კაბელების საქმეში“ მართლმსაჯულება არასათანადოდ და მიკერძოებულად განხორციელდა, რაც, შესაძლოა პოლიტიკური გავლენებით ყოფილიყო განპირობებული. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული საქმე კიდევ ერთხელ ცხადყოფს სასამართლოს დამოუკდებლობის თვალსაზრისით არსებული პრობლემების სიმწვავეს“ - აცხადებენ ორგანიზაციაში.
„სამართალი ითხოვს“ კოალიციის - „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მიერ ინიცირებული კამპანიაა, რომლის მიზანიც არის რეფორმების განხორციელების გზით სასამართლო სისტემის პოლიტიკური გავლენებისაგან გათავისუფლება. კოალიცია იურიდიული უფლებების სფეროში მოღვაწე 30-ზე მეტ არასამთავრობო და პროფესიულ ორგანიზაციებს აერთიანებს.
მასალის გამოყენების პირობები






