ადმინისტრაციულ საზღვართან, სოფელ ხურჩაში საქართველოს მოქალაქის მკვლელობას პრემიერ-მინისტრი ამაზრზენ შემთხვევად და უდიდეს ტრაგედიად აფასებს. აღნიშნული განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა დღეს ჟურნალისტებთან გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ დამნაშავე დაუსჯელი არ დარჩეს:
„ეს არის ამაზრზენი შემთხვევა. მართლაც უდიდესი ტრაგედიაა, რომ ადამიანი, მითუმეტეს საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, მოკლეს უმოწყალოდ. ეს არის უდიდესი ტრაგედია, მაგრამ კიდევ უფრო დიდი ტრაგედიაა, რომ ამით ცდილობენ, ხელი შეუშალონ იმ პროცესს, რომელიც ახლა მიდის. ჩვენ ვდგამთ ნაბიჯებს, რომ აღვადგინოთ ნდობა ქართველებსა და აფხაზებს შორის, ქართველებსა და ოსებს შორის. გამოვთქვამ რწმენას, რომ უპირველეს ყოვლისა დამნაშავე დაისჯება და დაისჯება ძალიან მკაცრად. ჩვენ ჩავრთავთ ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორს, რომ არავითარ შემთხვევაში დაუსჯელი არ დარჩეს, ვინც ეს საშინელი დანაშაული ჩაიდინა”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ხურჩაში გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
“ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. გამოვთქვამ იმედს, რომ თვითონ აფხაზებიც შეხედავენ ამ შემთხვევას, რომ ეს არის პირდაპირი პროვოკაცია იმ პროცესის საწინააღმდეგოდ, რომელიც დღეს მიმდინარეობს. შეიძლება, პოლიტიკურად ჩვენ დიდი შედეგი არა გვაქვს, მაგრამ ხალხთა შორის ურთიერობაში გვაქვს გარკვეული პროგრესი. მინდა, რომ ეს პროცესი გაგრძელდეს. ამიტომ, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დამნაშავეები მკაცრად დაისაჯონ”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, 19 მაისს დაახლოებით 14:30 საათზე ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში, გამყოფი ხაზის მიმდებარედ შეიარაღებულმა პირმა, ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილოდ დაჭრა გალის რაიონის სოფელ ბარღების მკვიდრი გიგა ოთხოზორია. დაჭრილი სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ზუგდიდის ჰოსპიტალში გადაიყვანა, თუმცა მიყენებული მრავლობითი ჭრილობების გამო, მოგვიანებით გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები






