„ნიუპოსტმა“ გარდაცვლილის დასთან, მაია ოთხოზორიასთან გასაუბრება მოახერხა.
მისი თქმით, ე.წ. მესაზღვრე საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა და ოთხოზორიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მამაკაცს თავში საკონტროლო ტყვია აქვს მიყენებული.
„გიგა საკუთარ მანქანასთან, ე.წ ნეიტრალურ 12 კილომეტრიან ზონაში ჩაცხრილეს. 6 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. მუცელში - 3, ბარზაყში -2. სასიკვდილო ალბათ თავში მოხვედრილი ტყვია აღმოჩნდა “- გვითხრა გარდაცვლილის დამ. მაია ოთხოზორიამ დამატებით დეტალებზე საუბარი ვერ შეძლო, რადგან შეუძლოდ გახდა.
რუსი ოკუპანტის მიერ მოკლული 31 წლის გიგლა ოთხოზორია ოკუპირებული გალის მკვიდრია, ის ზუგდიდში, ნაქირავებ ბინაში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. მამაკაცს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
გარდაცვლილის ახლობლების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი მაშინ მოკლეს, როცა მას ახლო ნათესავის დაკრძალვისთვის საჭირო პროდუქტი ოკუპირებულ ნაბაკევში გადაჰქონდა.
"გიგლას მამიდა გარდაეცვალა, დაკრძალვისთვის საჭირო პროდუქტები ზუგდიდის ბაზარში შეიძინა, დმინისტრაციულ საზღვართან კი ის რუსმა მებაჟემ გააჩერა და გარკვეული თანხის გადახდა მოსთხოვა. ოთხოზორია ოკუპანტს შეჰპირდა, რომ თანხის ნაწილს მოგვიანებით მიაწვდიდა. ამ ფაქტმა გააღიზიანა ოკუპანტი და გიგას მისამართით ცეცხლი გახსნა"- უთხრა "ნიუპოსტს" მოკლულის ახლობელმა.
მათი თქმით, მამაკაცი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მოქალაქეებმა ავტომობილით გადაიყვანეს.
ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობას გუშინ სპეციალური განცხადებით უპასუხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა. აღსანიშნავია, რომ სუს-ის განმარტებამ, რომ უწყება მომხდარ ფაქტს გმობს, პოლიტიკურ წრეებში უკმაყოფიულება გამოიწვია.
„სუს-ი კი არ უნდა შეშფოთდეს, უნდა იმუშაოს, როგორც ოპერატიული ღონისძიებები, ასევე ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია ფიზიკურ ყოფნასთან" - ენმ-ს ლიდერის შეფასება
ნახეთ რა აცხადებს ამ თემაზე "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა.
იხილეთ „ევროპელი დემოკრატების“ ლიდერის პაატა დავითაიას კომენტარი.
მომხდარს საქართველოს საგარეო საქემთა სამინისტროც გამოეხმაურა. ჯანელიძის უწყების განმარტებით, მომხდარზე სრულად ინფორმირებული იქნება საერთაშორისო თანამეგობრობა, მომხდარზე პასუხისმგებლობა კი რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა უნდა აიღოს.
სოფელ ხურჩასთან ქართველი მამაკაცის მკვლელობაში მონაწილეობას რუსეთი უარყოფს.დავით ჯაბაშვილი
მასალის გამოყენების პირობები






