ევროკომისარის მიგრაციის, მოქალაქეობისა და საშინაო საქმეების საკითხებში დიმიტრის ავრამოპულოსის განხადებით აღნიშნული მექანიზმი ყველა ქვეუანას შეეხება და მისი ამოქმედება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას პრაქტიკული კუთხით უფრო ეფექტურს გახდის:
„უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი პირდაპირ კავშირშია უსაფრთხოების საკითხებთან და არ შეეხება მხოლოდ ერთ ქვეყანას, ეს მექანიზმი ყველა სახელმწიფოსთან მიმართებაში უნდა ამოქმედდეს. მან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაცია ეფექტური უნდა გახადოს პრაქტიკული კუთხით“ - განაცხადა დიმიტრის ავრამოპულოსმა.
ნიდერლანდების იუსტიციის მინისტრის კლაას დეიკჰოფი მოსაზრებით აღნიშნული მექანიზმი ვითარების გართულების შემთხვევაში სწრაფი რეაგირების საშუალებას იძლევა:
„ვიზალიბერალიზაციას დიდი სარგებელი მოაქვს ამ პროცესში მონაწილე მხარეებისთვის მაგრამ არსებობს რისკებიც, თუ ტურისტულ და მოკლევადიან ბიზნესვიზებს უკრაინის, საქართველოს, კოსოვოს ან თურქეთის მოქალაქეები სხვა მიზნებისთვის გამოიყენებენ, ჩვენ გვექნება უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი. ის ახლაც არსებობს, თუმცა არსებული პროცედურების წამოწყება ძალიან რთულია. კომისია გამოვიდა წინადადებით, გააუმჯობესოს ეს მექანიზმი. ანუ თუ ვითარება ისე არ წავა როგორც ჩვენ დავგეგმეთ გვექნება სწრაფი რეაგირების საშუალება“- აღნიშნა კლაას დეიკჰოფმა.
ვიზალიბერალიზაციის მკაცრ ჩარჩოებში მოქცევას ითხოვს ბელგიის მიგრაციის მინისტრი ტეო ფრანკენი. მისი თქმით ევროკავშირმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ უკვე არსებული მიგრაციული კრიზისი უფრო არ გართულდეს:
„იმის გათვალისწინებით, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩვენ საქმე გვაქვს ყველაზე დიდ მიგრაციულ კრიზისთან. ვფიქრობ, არ იქნებოდა გონივრული საქციელი ამ ქვეყნებისთვის ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის დაწესება. ახლა არც ევროკავშირისთვის და არც ჩემი ქვეყნისთვის არ იქნება მარტივი 100 ათასობით ადამიანს ვიზალიბერალიზაცია მივცეთ. 2010 წელს ჩვენ ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი ბალკანეთის ქვეყნებს დავუწესეთ და ამან მალევე მიგრაციული კრიზისი გამოიწვია, მათ შორის ბელგიაშიც. პირადად მე არ მივიჩნევ სწორად , რომ ერთი კრიზისი მეორეთი ჩავანაცვლოთ“- განაცხადა ტეო ფრანკენმა.
იმის იმედი, რომ საქართველო მასზე დაკისრებულ მოვალეობებს შეასრულებს აქვთ ჩეხეთის და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრებს.
ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლუბომირ ზაორალეკის თქმით, როგორც საქართველომ , ასევე ევროკავშირმა მასზე დაკისრებული მოვალეობა უნდა შეასრულოს, ევროკავშირის მხრიდან ეს მოვალეობა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესებაა:
„მე ამ კუთხით ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი, მჯერა რომ საქართველო შეასრულებს ყველა ტექნიკურ მოთხოვნას და ახლა ჩვენ ვალდებულად ვგრძნობთ თავს, რომ შევასრულოთ ის რაც ჩვენი მხრიდან ავიღეთ თავზე. ეს არის შეთანხმება, რომელიც შედგა და საკუთარი ვალდებულება ორივე მხარემ უნდა შეასრულოს“- აღნიშნა ლუბომირ ზაორალეკმა
ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსის თქმით საქართველო ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას იმსახურებს და იმედოვნებს, რომ პროცესი შეფერხების გარეშე წარიმართება:
„საქართველო იმსახურებს სავიზო რეჟიმის გაუქმებას ევროკავშირთან. თქვენ იცით ევროკომისიის პოზიცია ამ საკითხზე და ვიმედოვნებთ, რომ პროცესი შეფერხების გარეშე წარიმართება. საქართველომ ყველა მოთხოვნა საშინაო და საგარეო შეასრულა. უვიზო მიმოსვლა წლის ბოლომდე უნდა ამოქმედდეს“- განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.
მასალის გამოყენების პირობები






