პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ვენეციის კომისიას „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში საქართველოს პარლამენტის მიერ მესამე მოსმენით მიღებული ცვლილებები გაუგზავნა.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვენეციის კომისიას სთხოვს რაც შეიძლება სწრაფად შეაფასოს აღნიშნული ცვლილებები. პრეზიდენტს ცვლილებების განსახილველად და გადაწყვეტილების მისაღებად ათდღიანი ვადა აქვს. იმ შემთხვევაში თუ ვენეციის კომისიის პასუხი 10 დღის ვადაში არ დაბრუნდება, გიორგი მარგველაშვილი კიდევ ერთ კონსულტაციას გამართავს არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას, გამოიყენებს თუ არა ვეტოს უფლებას.
„გუშინ საღამოს შვიდ საათზე შემოვიდა ხელმოსაწერად საქართველოს პრეზიდენტთან საკონსტიტუციო სასამართლოს კანონში ცვლილებები და დღეს დილას უკვე საქართველოს პრეზიდენტმა გადააგზავნა იგი ვენეციის კომისიაში დასკვნისთვის. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოაგზავნის ვენეციის კომისია თავის დასკვნას აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით და ასევე საქართველოს პრეზიდენტი მანამ, სანამ მიიღებს გადაწყვეტილებას კანონთან დაკავშირებით, მოაწეროს მას ხელი თუ დაუბრუნოს მოტივირებული შენიშვნებით საქართველოს პარლამენტს, კიდევ ერთხელ გაივლის კონსულტაციებს არასამთავრობო სექტორთან. საქართველოს პრეზიდენტს აქვს 10 დღიანი კონსტიტუციური ვადა“, - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






