„ქართული ოცნების“ ახალი სახე, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, დავით კოღუაშვილი „ქართულ გაზეთთან“ საუბრისას სააკაშვილის ხელისუფლების მმართველობას იხსენებს და იმ რეფორმებზე საუბრობს, რომლებსაც ემხრობა:
„სააკაშვილის ეპოქა დასრულდა და აღარ დაბრუნდება არასდროს. თვითონ ემიჯნებიან გუნდის წევრები. ის უგანათლებულესი პიროვნებაა, არაჩვეულებრივი ენერგიის, ამოუშრეტავი რესურსის. შეეძლო, ბევრი სიკეთე გაეკეთებინა ქვეყნისათვის. ბევრი რამ მოხდა მის დროს თვისობრივად გარდამტეხი, რასაც ვემხრობი - პატრულის რეფორმა, ქვედა დონეებში კორუფციის წინააღდეგ ბრძოლა, საჯარო მოხელეებისადმი პატივისცემის განცდა, სხვადასხვა მოტივაციები. არ შეიძლება, ეს არ დაინახოს ადამიანმა. ეს რომ არ გაკეთებულიყო, ჩვენ გვექნებოდა ყველაფერი გასაკეთებელი და ამისათვის მადლობა მას. მაგრამ მან დაუშვა ტრაგიკული შეცდომა, ქვეყანა ჩართო განწირულ ომში და თუ ეს ვერ გათვალა, არ ყოფილა კარგი სტრატეგი. ნახეთ, რა შედეგებამდე მივედით. ხალხმა ოკუპირებული რეგიონებიდან გაწყვიტა სრულიად ურთიერთობა ერთმანეთთან, მშობელთან ვეღარ ჩადის შვილი. გორის ტრასაზე დევნილთა გეტოებია. საშინელი სანახავია ეს ყველაფერი და ამაზე ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, „ოცნებას“? აი, ამ უპასუხისმგებლობამ გააჩინა ზუსტად მეჭიაურის ფაქტორი. არ უნდა გააუფასურო თემა. ევროპულ იდეას თუ სწორად არ მიაწვდი მოსახლეობას, მერე იწვევს ეს გაუფასურებას. თუ ჩემი კეთილდღეობის დონე არ იზრდება, თუ ყოველდღე არ იქნება სტაბილური ფონი, ტერიტორიებს არ ვიბრუნებ, მე თუ ჩემსავე ქვეყანაში ვარ დევნილი და მძევალი, რომელ ჩრდილო-ატლანტიკურ ღირებულებებზეა ლაპარაკი? თუ ამ კუთხით მივაწვდით, იმედები გაუცრუვდება“, - აცხადებს კოღუაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






