კონფერენცია, რომელიც ვალონიის ექსპორტის და ინვესტიციების სააგენტოს AWEX ოფისში გაიმართა, ბელგიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ნატალი საბანაძემ გახსნა.
ღონისძიების ფარგლებში საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორმა, გიორგი პერტაიამ საქართველოს საერთო და სექტორული ბაზრის შესახებ პრეზენტაცია წარადგინა.
დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართა ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში აღმოსავლეთ პარტნიორობის სექციის ხელმძღვანელმა, დირკ შუბელმა, რომელმაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და DCFTA-ს ხელმოწერის შემდეგ ქართული ბიზნესისთვის და ინვესტორებისთვის გაჩენილი შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა.
ქართული ბიზნესის მიმართ ბელგიური კომპანიების ინტერესის შესახებ ისაუბრეს ვალონიის ექსპორტისა და ინვესტიციების სააგენტოს ეკონომიკურმა და სავაჭრო კომისარმა, ერიკ ბლეტარმა და ფლანდრიის ინვესტიციებისა და ვაჭრობის სააგენტოს ეკონომიკურმა და სავაჭრო კომისარმა, რაფ პაუველსმა.
კონფერენციის ფარგლებში სიტყვით გამოვიდნენ ასევე ბელგიელი ბიზნესმენები. ბელგიური კომპანიების: Tractabel-ის და T.D. Williamson-ის წარმომადგენელმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს საქართველოში ბიზნესის კეთების საკუთარი გამოცდილება.
ბელგიაში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე მიწვეულ სტუმართა შორის იყვნენ ბიზნეს, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, საბანკო, სატრანსპორტო, სამშენებლო, ენერგო და საკვები სექტორების წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები






