„ერთიანი ნაცმოძრაობის ერთერთი ლიდერი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი და ევროპის სახალხო პარტიის (EPP) ფრაქციის თავმჯდომარე გიგი წერეთელი ასამბლეის გენერალურ მდივან რობერტო მონტელასთან ერთად საერთაშორისო სამდივნოს წევრებს კოპენჰაგენში, ორგანიზაციის შტაბ-ბინაში შეხვდა.
ძირითადი თემა საპარლამენტო ასამბლეის რიგით 25-ე წლიური სესიისთვის მზადება იყო, რომელიც 1-5 ივლისს თბილისში, ჩატარდება.
გიგი წერეთელმა იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრაში ეუთოს ყველა წევრი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას. წერეთელმა ისაუბრა იმ მოსაზრებებზე, თუ როგორ შეუძლიათ დელეგციებს წვლილი შეიტანონ ასამბლეის ეფექტურ მუშაობაში და გააძლიერონ მექანიზმები, რომელიც ხელს შეუწყობს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეკომენდაციების გათვალისწინებას.
საუბარი შეეხო საპარლამენტო ასამბლეის კონფლიქტების პრევენციისა და მედიაციის შესაძლებლობების გაფართოებასა და ასამბლეის მუშაობაში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას.
რაც შეეხება ყოველწლიურ სესიას, წერეთელმა აღნიშნა,რომ ეს იქნება ფორუმი, რომელიც მხარეებს საშუალებას მისცემს კონსტრუქციულ, ღია დიალოგში ჩაერთონ.
გენერალურმა მდივანმა მონტელამ ინფორმაცია მიაწოდა გიორგი წერეთელს სამდივნოში მიმდინარე მოვლენებზე, ცოტა ხნის წინ მიღებულ ახალ წესებსა და რეგულაციებზე.ისაუბრა აქტივობებზე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საგარეო ურთიერთობების გაღრმავების კუთხით.
საუბარი შეეხო საარჩევნო სადამკვირებლო მისიების საკითხსაც, ამ კუთხით ეუთოს შესაბამის ინსტიტუტებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინაციის გაუმჯობესების მნიშვნელობას.
გიგი წერეთელმა აღნიშნა, რომ საქარველოში გასამართი არჩევნები პრიორიტეტი უნდა იყოს და დამკვირვებელთა მაქსიმალური რაოდენობა უნდა დაესწროს, რადგან დემოკრატიული კონსოლიდაციისათვის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები აუცილებელი პირობაა.
მასალის გამოყენების პირობები






