"ნიუპოსტი" დაინტერესდა, შეუერთდება თუ არა კახა შარტავას გუნდი "თავისუფალი დემოკრატების" მიერ შაბათს დაგეგმილ აქციას და "ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთ ლიდერ ანი მიროტაძეს ესაუბრა.
"აღნიშნულ აქციამდე "ეროვნული ფორუმი" ელოდება პრეზიდენტის პასუხს ჩვენს შეთავაზებაზე. გიორგი მარგველაშვილი პასუხს ბუნებრივია, დღესვე ვერ გაგვცემს, მან უნდა აწონ-დაწონოს ეს ყოველივე საკუთარი დისკრეციის ფარგლებში. ჩემი აზრით, სანამ დადგება საკითხი ეს აქცია, როგორი იქნება, რა მასშტაბის, რა ჩართულობა უნდა იყოს, ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რამდენად ხედავს პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების აუცილებლობას. ჩვენი აზრით კი, პრეზიდენტი პატიმრების შეწყალებით დაძაბულ სიტუაციას განმუხტავს და ეს არის ერთადერთი სწორი გამოსავალი"- აღნიშნა ანი მიროტაძემ.
მისი თქმით ზოგადად აქციები "ეროვნული ფორუმისთვის" უცხო არ არის.
შეგახსენებთ, სასამართლოს გადაწყვეტილებით თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილ მაღალჩინოსანს პატიმრობა შეეფარდათ, მათ სახელმწიფოს კუთვნილი 4 102 000 ათასი ლარის გაფლანგვას ედავებოდნენ. სასჯელის ზომად თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით განისაზღვრა.
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების უკან "თავისუფალი დემოკრატები" ბიძინა ივანიშვილის ხელს ხედავენ და კაბელების საქმესთან დაკავშირებით შაბათს აქციას პროკურატურასთან გამართავენ.
ე.წ “კაბელების საქმესთან” დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც. სექტორი მიიჩნევს, რომ საქმესთან დაკავშირებულმა გარემოებებმა შექმნა არასრულფასოვანი მართლმსაჯულების განხორციელებისა და პროცესის პოლიტიზირების განცდა.
მასალის გამოყენების პირობები






