ე.წ კაბელების საქმესთან დაკავშირებით "ეროვნულ ფორუმმა" საგანგებო განცხადება გააკეთა. „ეროვნული ფორუმის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება კახა შარტავამ გააჟღერა. შარტავამ პრეზიდენტს მიმართა გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს ე.წ კაბელების საქმეზე მსჯავრდებულები. შარტავას განცხადებით ამ ნაბიჯით თავიდან აცილებული იქნება მოსალოდნელი დაძაბულობა წინასაარჩევნოდ .
„16 მაისს ე.წ კაბელების საქმესთან დაკავშირებით დამდგარი განაჩენი ჩვენი იურისტებისა და სამართლის დამოუკიდებელი ექსპერტების აზრით ბრალდებულების უდანაშაულობას უფრო ამტკიცებს, ვიდრე ბრალეულობას. ამავედროს დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობა პროცესს პოლიტიკურ შინაარს აძლევს, რამაც შესაძლოა ისედაც ყოველთვის დაძაბულ წინასაარჩევნო პერიოდს დამატებითი სიმწვავე შესძინოს. სასამართლოში სისტემაში არსებული პრობლემების გათვალისწინებით ზემდგომი სასამართლო ინსტანციების იმედიც ნაკლებად რჩება. საქმისადმი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, უსამართლობის მორიგი მსხვერპლისა და პოლიტიკური ვითარების არასასურველი გამწვავების თავიდან აცილების მიზნით, რაც მნიშვნელოვანია კარს მომდგარი საარჩევნო კამპანიების მეტ-ნაკლებად ნორმალურ ვითარებაში წარმართვისთვის, ჩვენ, "ეროვნული ფორუმი" მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით მინიჭებული უფლება და შეიწყალოს მსჯავრდებულები“- განაცხადა კახა შარტავამ.
მასალის გამოყენების პირობები






