თბილისის საკრებულოში 4 საათიანი განხილვა დასრულდა. თბილისის მერმა დეპუტატებს ანგარიში წარუდგინა, რის შემდეგაც პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმში გადავიდა. ბოტანიკური ბაღის გასხვისების საკითხის განხილვა პოლიტიკურ დებატებში გადავიდა.
ირაკლი აბესაძის განცხადებით, დავით ნარმანიამ ტრიბუნასთან დგომის მანძილზე, ბოტანიკურ ბაღთან მიმართებით დასმულ არცერთ კითხვას კონკრეტული პასუხი არ გასცა:
„საკითხმა დიდად შეაწუხა ბიძინა ივანიშვილი. ამდენი ხანი ტრიბუნასთან დგომის მანძილზე არც ერთ კონკრეტულ კითხვას ბოტანიკურ ბაღთან დაკავშირებით პასუხი არ გაეცით. გასაოცარია, თქვენ მილიონი ხის დრამის ავტორი ბრძანდებით და ათას სამას ხეს ჭრით მხოლოდ იმიტომ, რომ ერთი ადამიანის ახირება შეასრულოთ,“ - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
ირაკლი აბესაძის განცხადებას ჯაბა სამუშიამ უპასუხა:
მან საკრებულოს სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მიერ გაცემული დოკუმენტები წარმოადგინა, სადაც მაშინდელი მერის, გიგი უგულავას, მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის ნაწილის გასხვისებაა ასახული.
მასალის გამოყენების პირობები






