არასამთავრობო სექტორი პრეზიდენტს პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით მიღებულ კანონზე ვეტოს დადებას არ ურჩევს. მათი თქმით, პრეზიდენტმა კანონპროექტს დროის მოგების მიზნით ხელი უნდა მოაწეროს და უკვე ამის შემდეგ კი კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრდეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ გამგეობის წევრის გიორგი მშვენიერაძის განცხადებით ვეტოს გამოყენება ამ პროცესს კიდევ დატოვებს პოლიტიკურ ჭრილში და ის მაინც დაიძლევა:
"საკონსტიტუციო სასამართლო, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის იქცა გამაღიზიანებელ ინსტიტუციად, რომელიც ცდილობს ეფექტურად გააკონტროლოს მათი საქმიანობა და შეუნარჩუნოს მათ ქცევას და საკანონმდებლო საქმიანობას კონსტიტუციური ფარგლები. ბევრი მექანიზმის გამოყენება სცადა ჩვენმა ხელისუფლებამ. ეს იყო გარკვეული ზეწოლა მოსამართლეებზე, ეს იყო მათთან კომუნიკაციის გამოყენების სხვადსხვა საშუალება, ეს იყო აქციები მათ წინააღმდეგ. ვეტოს გამოყენება ამ პროცესს კიდევ დატოვებს პოლიტიკურ ჭრილში და ის მაინც დაიძლევა, ამიტომ ბევრად სწორი იქნება პრეზიდენტმა არ დაადოს ვეტო, თუმცა მეორე მხრივ მოგვცეს გარკვეული დრო არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ სრულად დავამუშავოთ საკითხი, რათა სრულყოფილად , სამართლებრივად სწორი პოზიციით წარვდგეთ სასამართლოს წინაშე" - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.
IDFI გამგეობის თავმჯდომარის ლევან ავალიშვილის თქმით, გადაწყვეტილება რომელიც პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით მიიღო საქართველოში მართლმსაჯულების სისტემას დააზიანებს.
"ეს შეიძლება იყოს რუსთავი 2-თან დაკავშირებით, საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით იმიტომ რომ ახლოვდება არჩევნები. ცნობილი არის ის, რომ დღეს მოქმედ საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით ბევრი კითხვის ნიშანი გააჟღერეს თვითონ მოქმედმა ხელისუფლებამ. ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა რა არის ამის საფუძველი, ფაქტია, რომ გადაწყვეტილება რომელიც მიიღეს დააზიანებს საქართველოში მართლმსაჯულების სისტემას და აუცილებელია რომ ვენეციის კომისიის და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები იქნეს გათვალისწინებული“ - აღნიშნა ლევან ავალიშვილმა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ანალიტიკოსის გიორგი ბერაიას მოსაზრებით მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ვარიანტი იქნეს შერჩეული რომელიც ნაკლებ დროს მოითხოვს:
„ ჩვენ ამ ეტაპზე ორივე ვარიანტს განვიხილავთ, კოკნსულტაციების შემდეგ კიდევ ჩამოვყალიბდებით პოზიციაზე, თუმცა ოპტიმალურ ვარიანტად მიგვაჩნია ბევრი დრო რომ არ დაიკარგოს, პრეზიდენტმა კანონპროექტს ხელი მოაწეროს და თვითონაც მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს და გაასაჩივროს ეს კანონი“- განაცხადა გიორგი ბერაიამ.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელის ვახუშტი მენაბდის შეფასებით, აღნიშნული კანონის მიღებით პარლამენტმა სასამართლო ხელისუფლებაზე შური იძია:
„პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ცხადია უკავშირდება საკონსტიტუციო სასამართლოს მიღებულ და ასევე მისაღებ გადაწყვეტილებებს. ეს იგულისხმება და იკითხება კანონის შინაარსიდან, ეს ეხება ხმების განაწილებას, პლენუმს, ნორმის შეჩერებას და ასე შემდეგ. ეს ცვლილებები ფაქტობრივად არის შურისძიება საკანონმდებლო ხელისუფლების მხრიდან სასამართლო ხელისუფლებაზე“- აღნიშნა მენაბდემ.
მასალის გამოყენების პირობები






