„თავისუფალი დემოკრატების“ ოფისში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. პარტიის ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ ე.წ. კაბელების საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე განცხადება გააკეთა. ალასანიამ აქციები დააანონსა:
„დღეს ყველა ჩვენგანს უმძიმესი დღე გვქონდა, რაც ვინატრე იყო ის, რომ იმ ბიჭების ადგილას მე დავეკავებინე. სასამართლომ ისინი დამნაშავედ სცნო, დღეს ივანიშვილმა მოსამართლის ხელით 35 წელი მიუსაჯა უდანაშაულობას. უსამართლობა და ცინიზმი ისევ მტელი ძალით ბოგინობს ჩვენს ქვეყანაში, შეიცვალა მხოლოდ მთავარი არქიტექტორი, ის ახლა არის ბიძინა ივანიშვილი. როცა სამართლიანობა არ არის, არაფერი რჩება ღირებული, რასაც მოქალაქე შეიძლება ჩაეჭიდოს. მოსამართლემ დამნაშავედ უდანაშაულო ადამიანები სცნო. ადამიანები,რომლებიც არ განკარგავდნენ იმ თანხას რომელთა გაფლანგვაშიც მათ ბრალს სდებენ. ივანიშვილი დაეპატრონა ყველა ძალოვან ეფექტს, პროკურატურას მართავს შოთაძე, სასამართლოს კი მურუსიძე, ხოლო მის პარტიაში ერთი კაციც კი არ არის ვინც ამას შეეწინააღმდეგა. ყველა ზომას ვიხმართ მათ დასახსნელად. 5 უდანაშაულო ადამიანის მიმართ ჩადენილი დანაშაული, ცვლის ჩვენი პარტიის დღის წესრიგს, გვექნება შეხვედრები არასამთავრობოებთან და დიპლომატიურ კორპუსთან.
ჩვენ შაბათს 21 მაისს 14:00 საათზე საპროტესტო აქციას გავმართავთ პროკურატურასთან. ეს იქნება პირველი აქცია. როცა ღირსეულ მოქალაქეებს ასე ექცევიან, ყველა უნდა დავფიქრდეთ რას ნიშნავს ეს ჩვენი ქვეყნისთვის. მე ბოლომდე ვიბრძოლებ, ვპირდები მათ, რომ არ მივატოვებ ტყვეობაში და არ დავტოვებ ამ ბრძოლაში ერთი ერთზე უსამართლობასთან. ჩვენ არ გადავუხვევთ არჩევნების გზას, სადაც არაფორმალური მმართველის მორჩილ ხელისუფლებას შევცვლით“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს თავდაცვის სამინისტროს ყოფილ 5 მაღალჩინოსანს ე.წ. კაბელების საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა და მათ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მასალის გამოყენების პირობები






