პაატა ბურჭულაძის მოძრაობას - „სახელმწიფო ხალხისთვის“, ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი უერთდება. მეტრეველი საზოგადოებას მოძრაობის დამფუძნებელმა დღეს პირადად წარუდგინა. „ჩვენ განვაგრძობთ საზოგადოების აზრის შეცვლას, რომ პოლიტიკა არის მხოლოდ ბინძური ხალხის საქმე და გვინდა წარმოგიდგინოთ ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ადამიანი, ხალხის, საქართველოს და საერთოდ ყველასთვის. მინდა წარმოგიდგინოთ მერაბ მეტრეველი, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
მერაბ მეტრეველმა პაატა ბურჯულაძეს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ ყოფილა. მეტრეველი ფიქრობს, რომ პოლიტიკაში, მეტი გულწრფელი ადამიანი უნდა მოვიდეს და "მოძრაობა სახელმწიფო ხალხისათვის" სწორედ ეს ძალაა.
„ეს არ იყო ჩემთვის ადვილი გადაწყვეტილება. ბუნებრივია, ვიცვლი პროფესიას, რასაც ამდენი წელი ვემსახურებოდი და ვაკეთებდი ჟურნალისტიკაში თავს ვანებებ და მივდივარ ახალ პროფესიაში. ეს საქართველოშიც არ არის მარტივი გადაწყვეტილება. საქართველო, ალბათ, ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მარტო იმიტომ შეუძლიათ ლანძღონ, რატომ წახვედი პოლიტიკაშიო. მეორეს მხრივ, კი ითხოვენ ახალ ხალხს პოლიტიკაში. მე ვფიქრობ, რომ ისეთი ხალხის ადგილი არის პოლიტიკაში, რომელსაც გული ერჩის და ფიქრობს რომ შეუძლია რაიმე გააკეთოს.
როდესაც ასეთი ხალხი თავს არიდებს პოლიტიკაში მოსვლას, პოლიტიკური ასპარეზი რჩებათ ნაძირალებს. ამიტომ, ვფიქრობ რომ მეტი გულწრფელი ადამიანი უნდა მოვიდეს პოლიტიკაში. პოლიტიკაში მოსვლის სურვილი შეიძლება ბევრჯერ გამჩენია, რადგანაც ამ სფეროზე ვმუშაობდი. მაგრამ, მეორე საკითხია, ვისთან ერთად უნდა წახვიდე პოლიტიკაში და აქამდე თავს სწორედ ამიტომ ვიკავებდი. რადგანაც ესეთი ძალა, ვისთანაც შეიძლება მისულიყავი და შენი აზრები და იდეები განგეხორციელებინა არ იყო. როდესაც გამოჩნდა პაატა ბურჭულაძის მოძრაობა მივიღე ეს შემოთავაზება გადაწყვეტილების მიღება უფრო გაადვილდა. ვგულისხმობ, რომ ჩვენს ქვეყანაზე პროდასავლურ ფლანგზე სიტუაცია არის ამდაგვარი. არიან „ნაციონალური მოძრაობა“ და არის „ქართული ოცნება“, ასევე არიან „ნაციონალური მოძრაობიდან“ და „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილი პარტიები. შედეგად, პროდასავლურ ფლანგზე ჩვენს ამომრჩეველს რა შანსი აქვს? ან „ნაციონალური მოძრაობა“ და მისგან გამოყოფილი პარტიები, ან „ოცნება“ და მისგან გამოყოფილი პარტიები. რეალური ძალა იყო საჭირო და მე ვფიქრობ ეს იქნება ახალი ძალა, რომელიც არ ასოცირდება არც ერთთან და არც მეორესთან. დღეს ჩვენს ქვეყანაში ბევრ ადამიანს, რომელსაც არც „ნაციონალები“ და არც „ოცნება“ არ უნდა და არც მათგან გამოყოფილი პარტიები. შესაბამისად, ვფიქრობ რომ ეს არის ის ძალა, რომელსაც აი ასეთმა ამომრჩეველმა უნდა მისცეს ხმა და ეს არის ის ძალა, რომელსაც უნდა შემოუერთდნენ ის ადამიანები, რომლებსაც სურთ პოლიტიკაში მოსვლა, მაგრამ არ სურთ ჩემს მიერ დასახელებული პარტიები“. -განაცხადა მერაბ მეტრეველმა.
მასალის გამოყენების პირობები






