„35 წელი მაინც იქნება გასული, რაც ეს გზა გააკეთეს. მას შემდეგ არ შერემონტებულა. ნახევრამდე დააგეს და მერე შეწყვიტეს, თითქოს აქ არავინ ცხოვრობდეს. ახლა გვპირდებიან, ყველაფერს გავაკეთებთ ხმას თუ მივცემთო და რა ვიცი აბა?! ყველაფერს კარგს გვპირდებიან, მაგრამ მთავარი შესრულებაა. დაპირებით ყველას დაპირდები, მაგრამ თუ არ შეასრულე, რა აზრი აქვს.“
„აქ გზა, კანალიზაცია და წყალი გაიყვანა კომუნისტებმა, ამ პრობლემას საღი თვალით ყველა დაინახავს მე რომ არ ვილაპარაკო. გასაკეთებელია არხები, წყლის მილებია შესაცვლელი, მოსაწესრიგებელია კანალიზაცია, რაც ყველაზე დიდ პრობლემას გვიქმნის. 80 წლის ვარ ბებია და კომუნისტების მერე, დაპირების გარდა ვერაფერი ვერ მივიღე. ვინც გააკეთებს ამ გზას, ახლა არჩევნები ახლოვდება და ხმასაც იმას მივცემთ.“ -გვეუბნებიან ადგილობრივები.
ადგილობრივები რუსთაველის ქუჩის იმ მონაკვეთს გვიჩვენებენ, რომელიც ნაგავსაყრელად და ქვეწარმავლების ბუდედაა ქცეული. გვეუბნებიან, რომ ტერიტორია, სადაც ადრე წყლის ავზები იყო, საიდანაც ოზურგეთის აბრეშუმის ქარხანა წყლით მარაგდებოდა, ახლა უფუნქციოდაა და ადგილობრივებისთვის საფრთხეს წარმოადგენს. მათი თქმით, აღნიშნული ტერიტორია ადრე დაცული იყო და იქ შესვლას ვერავინ ახერხებდა, ახლა კი გალავანი დანგრეულია, ავზები კი, ფეკალური მასებითაა ამოვსებული. რუსთაველის ქუჩელები აღნიშნული ტერიტორიის დასუფთავებას ითხოვენ:

„ნახეთ რა ხდება აქ, უპატრონოდაა მიტოვებული ეს ტერიტორია. ადრე ამას პატრონობდნენ, მოდიოდა კაცი, რომელიც წმენდდა, ბალახს თხრიდა. ხედავთ იქ ამოყვანილ „ბასეინებს“, ის ამარაგებდა ადრე აბრეშუმის ქარხანასაც და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შენობებსაც. ახლა, უპატრონოდაა მიგდებული, „ბასეინებში“ კანალიზაცია ჩაუშვეს და ამოვსებულია ფეკალური მასებით. გარდა ამისა, ქვეწარმავლების ბუდედაა აქურობა ქცეული. ვითხოვთ, ამ ადგილსაც მიაქციონ ყურადღება და გაგვიწმინდონ. ან სხვა ზომები მიიღონ, შეწუხებულია მთელი უბანი. გვითხრეს გავაკეთებთო. კარგი იქნება თუ ისევ ამოაშენებენ.“- გვეუბნებიან ადგილობრივები.
„ამას წინათ არჩევნების ერთ-ერთი მონაწილე იყო მობრძანებული, ვასილ ჩიგოგიძე. საუბარი შედგა მოსახლეობასა და კანდიდატს შორის. ვესაუბრეთ ჩვენს პრობლემებზე და ვთხოვეთ, რომ ეზრუნა ამის მოგვარებაზე.
ისე, ქალაქის მერიც არის საქმის კურსში. დაგვპირდა, რომ გავაკეთებო. ჩიგოგიძეს ჩემგან საყვედური მოუწია, არ გვჭირდება არტისტი ხელისუფლებაში-თქო და მართლაც არ გვჭირდება.“
ადგილზე მისულ ჟურნალისტებს, თავისი წუხილი გაგვანდო ეტლს მიჯაჭვულმა 11 წლის გოგონამ, მარიამ ნაკაშიძემაც.
მარიამი გვეუბნება, რომ აღნიშნულ ქუჩაზე არსებული უგზოობის გამო გადაადგილებაზე პრობლემა ექმნება. ის ასევე რუსთაველის ქუჩაზე არსებული პატარა სკვერის მოწესრიგებას ითხოვს, სადაც საქანელა უკვე დაზიანებულია. მარიამი ამბობს, რომ იქ გართობა ყველაზე მეტად უყვარს, თუმცა ახლა ვერ ახერხებს: მარი ნაკაშიძე 11 წლის: სკვერი მინდა მოაწესრიგონ, საქანელა მიყვარს, მაგრამ დაზიანებულია. მინდა გზაც გააკეთონ, მოძრაობა მიჭირს, ორმოებზე გადასვლას ვერ ვახერხებ. ამ სკვერს თუ მოაწესრიგებენ, ეს ყველაზე მეტად მინდა.
რუსთაველის მსგავსად, პრობლემებია დანჩენკოს ქუჩაზეც. ადგილობრივები გვეუბნებიან, რომ კანალიზაციის სისტემის მოწესრიგებაზე განცხადებით ქალაქის მერიას უკვე მიმართეს, პასუხს კი დღემდე ელოდებიან:
„აქ კანალიზაცია ფაქტიურად არ არსებობს. დაპირებები ბევრი იყო, რომ გაკეთდებოდა, მაგრამ ახლა არავის ახსოვს. ამას დაემატა ისიც, რომ გზა არ გვივარგა. საღამოს საათებში, აქ ბავშვთან ერთად ვერ გაივლის ადამიანი. კოლექტიური განცხადება თითქმის ერთი თვეა შევიტანეთ მერიაში, მაგრამ პასუხი ჯერ არ მიგვიღია.“
თეა იოსელიანი, გურია
მასალის გამოყენების პირობები






