სიტუაცია სოფელ მერიაში მას შემდეგ დაიძაბა, როცა აქციის მონაწილეებთან ადგილობრივი დეპუტატი გენადი მესხიძე და მერიის თემის გამგებელი გრიგოლ კოსტავა მივიდნენ.
ისინი ამტკიცებდნენ, რომ რკინიგზაზე გადასასვლელი რკინიგზის დეპარტამენტის მიზეზით არ კეთდება, რომელსაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ რამდენიმეჯერ მიმართა და საქმის კურსში ჩააყენა.
თუმცა ადგილზევე გაირკვა, რომ რკინიგზის დეპარტამენტისათვის, სოფლის მოსახლეობის პრობლემის მოსაგვარებლად ოფიციალურად არავის მიუმართავს და ადგილობრივ დეპუტატს ამ თემაზე მხოლოდ ოზურგეთის რკინიგზის სადგურის უფროსთან უსაუბრია
სოფელ მერიის მოსახლეობამ რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე გადასასვლელის არარსებობა გააპროტესტა. მათი თქმით აქ ადრე იყო გადასასვლელი, მაგრამ დაახლოებით 5-6 წელია რაც მოშალეს. ადგილობრივებს უთხრეს, რომ აქ გადასასვლელის არსებობა რკინიგზას გააფუჭებდა. მოსახლეობის აზრით, ეს მიზეზი უსაფუძვლოა, ისინი გადასასვლელის დამონტაჟებას ითხოვენ:
სოფელი რამდენიმე წელია სასაფლაოსთან მისასვლელ რკინიგზის გზაზე სამანქანო გადასასვლელის აღდგენას ამაოდ ითხოვს:
ზოია გობრონიძე: გატეხილი აქვს ხალხს გული, ვილაპარაკეთ, ვჩხუბობთ, ვნერვიულობთ, მაინც არაა საშველი. აქ იყო „პერიეზდი“, გადაკეტეს. მიცვალებულები რომ მიყავთ დასაკრძალად სასაფლაოზე, ან წირვა-ლოცვაა, მანქანები დგება ცენტრალურ გზაზე. ვერ გადადიხარ, ვერ გადმოდიხარ. სასაფლაო და ეკლესია სადაც არის იქ ვცხოვრობ მე და ყველა იქ იყრის თავს. ბავშვს გარეთ ვერ გამოუშვებ, სიფრთხილეა საჭირო, აქ ისეთი ამბავია ასეთ დროს. ადრე იყო აქ გადასასვლელი და გადაყავდათ მიცვალებული. ვიყავი გუბერნატორთან და მითხრა, გაფუჭდება რკინიგზაო. რა უნდა გაფუჭდეს, პატარა მანქანა გაივლის, თუნდაც „რაფი“ გადაიყვანს მიცვალებულს, რა უნდა გაფუჭდეს ამით? მოგვცენ უფლება ეს გზა გაკეთდეს, ვიაროთ ადამიანურად. ნუ გადავა დიდი, პატარა მანქანები რომ გადავიდეს იმის საშულება რომ იყოს. შემოვლითი გზა ძალიან შორსაა. დაკრძალვის პროცესიის დროს ყველაფერი ჩემს ეზოზე გადადის, ყვავილები გროვდება სახლის წინ და რად მინდა? ეს პრობლემა 5 – 6 წელია გვაწუხებს, ამის გულისთვის ორჯერ ვიყავი გუბერნატორთან და გაფუჭდება ეს რკინიგზა, არ შეიძლებაო - ასე გვითხრა. დღეს კიდევ არ აქვს ხალხს იმედი, რამდენიც ილაპარაკეს, რამდენი მოითხოვეს.გადავკეტავთ გზას, რაღაცზომებს მივმართავთ.
ომარ თავბერიძე: ეს გზა გადაიკეტა 5 – 6 წლის წინ, ავაწრიალეთ ყველა, სამინისტრომ დაკეტაო, გვითხრეს. ხალხს სახლებში აქვს გაკეთებული გადასასვლელი, ეზოებში მისასვლელი და რა გახდა, სასაფლაოა და სასაფლაოს გზაზე კაცმა რატომ უნდა იწვალოს და კისერი რატომ უნდა იმტვრიოს? მიცვალებული გადაყავთ, ხალხი გადადის, რა მოხდება ეს გზა რომ გახსნან? აქ რომ დგას ეს მანქანები გასვენების დროს, გადავლენ ცენტრალური გზიდან და არ იქნება საფრთხე.
აქციაზე შეკრებილ ადგილობრივებს სოფლის დეპუტატი გენადი მესხიძე და გამგებლის წარმომადგენელი სოფელ მერიაში გრიგოლ კოსტავაც შეხვდა. მათი თქმით, ეს მათ კომპეტენციაში არ შედის, ამ გადასასვლელის დაშვება რკინიგზის დეპარტამენტის პრეროგატივაა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ადგილობრივებს შორის შელაპარაკება მოხდა:
ზოია გობრინიძე: ახლა გასვენება რომაა და რომ ჩადგება აქ მანქანები, სახლში ვეღარ ჩავედი, წყალიც დადგა.
ომარ თავბერიძე: ოცტონიანი მანქანები რომ გადადის ასეთ გზაზე, მაშინ არ ფუჭდება ეს გზა?
გენადი მესხიძე, დეპუტატი: მე არ მინდა რომ გაკეთდეს?
გრიგოლ კოსტავა, გამგებლის წარმომადგენელი: რას ამბობთ ახლა, მე არ მინდა, რომ გაკეთდეს აქ გადასასვლელი? მამაჩემი ასაფლავია აქ და მეც მჭირდება.
ომარ თავბერიძე: სამჯერ გავხსენი ეს გზა და პოლიცია გამომიგზავნეს.
გრიგოლ კოსტავა: ვინ გამოგიგზავნა პოლიცია, რას მელაპარაკები?
ომარ თავბერიძე: იკითხე კარგად, შენ სად იყავი მაშინ, რა იცი? რა უსაშველო საქმე გახდა ამის გახსნა?
გრიგოლ კოსტავა: უკანონოა ამის თვითნებურად გახსნა..
ომარ თავბერიძე: უკანონო როგორაა, თავართქილაძისთვის კანონიერია და ჩვენთვის გახდა უკანონო? სახლებში ყავთ გზა შეყვანილი.
გრიგოლ კოსტავა: მე რას მიყვირი მერე, მე რა შუაში ვარ?
ომარ თავბერიძე: შენი სოფლის ამბავი შენ არ უნდა იცოდე? სახლში ყავთ შეყვანილი გზა და სოფლისთვის რა გახდა?
გრიგოლ კოსტავა: მერე წადი და მოსთხოვე მათ პასუხი, გეუბნები არაა მასე. მე ჩემი საქმე რაცაა იმას ვაკეთებ.
ზოია გობრონიძე: ეს გზა ვერ გაგვიკეთე, რას აკეთებ ძაან საინტერესოა.
ომარ თავბერიძე: გზა ვერ გაგიკეთებია და წყალი, რა გააკეთე.
გრიგოლ კოსტავა: ჩასმული მაქვს პროექტი.
ომარ თავბერიძე: ჩასმული როდის გაქვს, ამდენი წელია მოსული ხარ და არაფერი გაგიკეთებია.
ზოია გობრონიძე: რა პასუხი უნდა მოგთხოვოთ თქვენ, ყურადღებას საერთოდ არ გვაქცევთ.
როგორც ირკვევა, ამ შემთხევის შესახებ რკინიგზის დეპარტამენტს არანაირი ინფორმაცია არ აქვს, მათთვის ოფიციალურად არავის მიუმართავს: რკინიგზის დეპარტამენტი საქმის კურსში არაა.
მოსახლეობა აცხადებს, რომ ამ გადასასვლელის უფუნქციობის გამო სასწრაფო და სახანძრო ვერ მივა დანიშნულების ადგილამდე: „სასწრაფო რომ მოვიდეს, ხანძარი რომ გაჩნდეს, სანამ სამ კილომეტრს მოივლის მანქანა, იქამდე მოკვდეს იქნება კაცი და სახანძრომაც ვერ მიასწროს“
დაგვიკიდა ყველამ ფეხებზე, არავინ არ გვაქცევს ყურადღებას.
გენადი: ბიუჯეტში არ არის ამისთვის თანხა გამოყოფილი, კრება რომ იყო, შეგკრიბეთ და თქვენ თვითონ აირჩიეთ, რა იყო თქვენთვის პრიორიტეტული.
ომარ თავბერიძე: ოქტომბრამდე გაჩერდით ხალხო და ავირჩიოთ ნორმალური მთავრობა, გზასაც გაგვიკეთებს აქ და გადასასვლელსაც. ვინც მოგვაქცევს ყურადღებას, ის ავირჩიოთ.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ეს გადასასვლელი პრობლემას მერიის თემში შემავალ ორ სოფელს, მერიასა და ხვარბეთს უქმნის.
აქციაში, რომელიც რამდენიმე საათი გაგრძელდა 50-მდე ადამიანი მონაწილეობდა.
მოსახლეობა აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და სასაფლაოსთან მისასვლელ რკინიგზაზე სამანქანო გადასასვლელი არ აღდგება, ისინი პროტესტის უკიდურეს ზომებს მიმართავენ, მათ შორის იგულისხმება რკინიგზისა და საავტომობილო გზის გადაკეტვაც.
თეა იოსელიანი, გურია
მასალის გამოყენების პირობები






