კანონპროექტის ინიციატორი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტია. აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი ძირითადი სიახლე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის არჩევის პროცედურებს უკავშირდება. პროექტის კორექტირებული ვარიანტით, საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის ფიცის დადებიდან, ან საკონსტიტუციო სასამართლოს თამჯდომარის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არაუგვიანეს ერთი თვისა, პლენუმის სხდომა ჩატარდება, რომელიც 5-წლის ვადით აირჩევს საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. ამავე წესით აირჩევს მის ორ მოადგილეს. სასამართლოს თავმჯდომარის წარდგენის უფლება თავად საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება - თავმჯდომარის კანდიდატურის არჩევაში აღარ ჩაერთვება პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, უზენაესი სასამარლოს თავმჯდომარე და კანდიდატურას თავად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები წარადგენენ. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ან მის მოადგილედ არ შეიძლება აირჩეს პირი, მეორე ვადით. კიდევ ერთი პრინციპული საკითხი იმ მოსამართლეებს ეხებათ, რომელთაც კონსტიტუციური უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ეწურებათ. გარდა ამისა, მეორე მოსმენით კორექტირებულ ვარიანტში განისაზღვრა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში სასამართლოს ვებგვერდზე ატვირთვისთანავე შევა, ნაცვლად ”საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნებისა.
კენჭისყრამდე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 5-წუთიანი შესვენება მოითხოვა, შესვენების შემდეგ კი უმცირესობის სახელით სერგო რატიანმა განცხადება გააკეთა.
რატიანის თქმით, კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს პარალიზებას შეუწყობს ხელს და პროტესტის ნიშნად კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღებენ. ამ განცხადების შემდეგ საპარლამენტო უმცირესობამ დარბაზი დატოვა.
გარდა ამისა, კენჭისყრაზე დადგა „ნაციონალური მოძრაობის“ ორი ალტერნატიული წინადადებაც, რომელიც სხდომაზე ჩავარდა.
მასალის გამოყენების პირობები






