საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მისულ ვახტანგ გომელაურს უმაღლეს სასწავლებლებში ე.წ. ოდეერების ინსტიტუტის არსებობის შესახებ ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს. სუს-ის ხელმძღვანელი უნივერსიტეტებში „ოდეერების“ არსებობას გამორიცხავს. მისი განმარტებით ე.წ. ოდეერების ინსტიტუტი არსებობდა მანამდე, ვიდრე შსს-ს უსაფრთხოების სამსახური გამოეყოფოდა. კანონის მიღებიდან კი „ოდეერების“ სამსახური ავტომატურად გაუქმდა.
„უნივერსიტეტებში არანაირი ოდეერბი არ არსებობენ. ოდეერები იყვნენ სანამ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოიყოფოდა უსაფრთხოების სამსახური. 25 სუბიექტიდან ჯერ 13 სუბიექტშია დანიშნული ჩვენი ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების ოფიცერი. 12 ჯერ არ არის დანიშნული, რადგან ეს არ წყდება ერთპიროვნულად, ეს წყდებოდა მინისტრის ბრძანებით, მხოლოდ ჩემი ბრძანებით ეს ვერ გადაწყდება, თუ ორმხროვი მლაპარაკება არ არის. თუ პარლამენტი გააუქმებს ამ საკითხს, რა კანონიც იქნება მიღებული, იმას შევასრულებთ. მე ვფიქრობ, რომ ასეთი სამსახური საჭიროა, მაგრამ პარლამენტი თუ გადაწყვეტს, რომ არ არის საჭირო, ჩვენ ჩვენს არგუმენტებს წარვუდგენთ“, - განმარტავს გომელაური.
უნივერსიტეტებში ე.წ. ოდეერების ინსტიტუტის არსებობის საკითხი თსუ-ში კანცლერის კანდიდატად გიორგი გაფრინდაშვილის შერჩევის შემდეგ გახდა აქტუალური. სტუდენტებმა გაფრინდაშვილის კანდიდატურა გააპროტესტეს, მათ არგუმენტად მოჰყავდათ ის, რომ გაფრინდაშვილი ე.წ. ოდეერი გახლდათ. შედეგად გაფრინდაშვილმა კანდიდატურა მოხსნა, უნივერსიტეტში მიმიდნარე მოვლენების გამო თანამდებობა რექტორმა ვლადიმერ პაპავამაც დატოვა.
თანამდებობები დატოვეს აკადემიური საბჭოს წევრებმაც, გუშინ შედგა აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად კი დარეჯან თვალთვაძე აირჩიეს.
მასალის გამოყენების პირობები






