ბრიტანეთში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართულ მედიასთან „ქართული ოცნების“ გუნდის განახლებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარტიაში ახალი წევრების მიღება საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად მოხდა:
„ახალი სახეების წარდგენა გვექნება უახლოეს მომავალში. შემიძლია, გითხრათ, ახალი სახეების გუნდი პარტიის ლიდერების მხრიდან იქნა შერჩეული მთლიანად. ეს არის ძალიან გამჭვირვალე პროცესი და გაიმართა საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში. იყო გასაუბრებათა მთელი სერია და ძალიან დიდი რაოდეობა იქნა ახალგაზრდების შერჩეული. ინტერესი „ქართულ ოცნებასთან“ შეერთების ძალიან დიდია.“- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერს შეკითხვა „ქართულ ოცნების“ სიაში თამაზ მეჭიაურის ყოფნასთან დაკავშირებითაც დაუსვეს. კვირიკაშვილმა მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია აღნიშნა, რომ თუ ის იქნება „ქართული ოცნების“ ახალი ლიდერი, მის გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ვექტორთან მიმართებაში რაიმე ეჭვები აქვთ:
„მე შემიძლია გითხრათ, რომ თუ მე ვიქნები არჩეული „ქართული ოცნების“ ახალ ლიდერად, გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც ექნებათ რაიმე ეჭვები საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ვექტორთან მიმართებაში“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
შეგახსენებთ, სწორედ „ქართული ოცნების“ წევრია თამაზ მეჭიაური, რომლის თქმითაც გასარკვევია ნამდვილად სურს თუ არა საქართველოს მოსახლეობას ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება. მეჭიაურის განცხადებით NATO საქართველოს ალიანსში მიღებას არ აპირებს. ამასთანავე მმართველი გუნდის დეპუტატის თქმით საქართველოს საგარეო კურსის სისწორეში საფუძვლიანად დარწმუნებული არც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არაა.
მეჭიაურის მსგავსად საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში ეჭვები შეაქვს "ქართული ოცნების" კოალიციის კიდევ ერთ წევრ გოგი თოფაძესაც, სწორედ თოფაძეს ეკუთვნის სიტყვებო, რომ "ოცნების" პრიორიტეტი ნატო არ არის, ჩვენი წინაპრები რუსებს ეფერებოდნენ და ამიტომ გადავრჩით"
მასალის გამოყენების პირობები






