ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრების შეფასებით გომელაურის უწყება მისი ძირითადი საქმიანობის ნაცვლად ოპონენტების წინააღმდეგ ბრძოლით არის დაკავებული, ამიტომ საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტში მწვავე დებატებს ელოდება.
„ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავის ძირითად საქმიანობას ეწეოდეს და ზრუნავდეს ქვეყნის უსაფრთხოებაზე, მისი მთავარი მიზანია პოლიტიკური ოპონენტების ან იმ ორგანიზაციების წარმომადგენლების წინააღმდეგ ბრძოლა, რომლებიც კრიტიკულად არიან განწყობილები ხელისუფლებისადმი,ძალიან ბევრი კითხვაა დაგროვილი მის მიმართ, მაგალითად თუ როგორ ხდებოდა ადამიანების შანტაჟი პირადი კადრებით, ეს იყო რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, ცნობილი ჟურნალისტები, რა ხდება ამ საქმესთან მიმართებაში, გამოიძიეს თუ არა ეს საქმეები, რა ხდება ოკუპაციის ხაზთან მიმართებში, როდესაც ადამიანების გატაცენა ხდება მუდმივად.“- განაცხადა აკო მინაშვილმა.
გომელაურთან მწვავე შეკითხვები აქვთ "თავისუფალ დემოკრატებსაც":
„რამდენად არის მზად გომელაური და ეს უწყება აიღოს პასუხისმგებლობა უკანონო მოსმენების და ჩანაწერების გავრცელების ფაქტებზე. ეს ფაქტები ხდება და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არავინ იღებს. ასევე რამდენად გამართლებულად მიაჩნია საგამოძიებო ფუნქციის შეთავსება და ამავდროულად ისიც, რომ მასვე ქონდეს მოსმენებზე გასარები, ვინაიდან ასეთ შემთხვევებს საერთაშორისო პრაქტიკა არ იცნობს“- განაცხადა შალვა შავგულიძემ.
„რესპუბლიკელების“ ერთ-ერთ ლიდერს ლევან ბერძენიშვილს სუს-ის ხელმძღვანელტან კითხვები რუსული პროპაგანდის გაძლიერებას და ე.წ. რბილი ძალების მოქმედებაზე აქვს:
”გომელაურთან დაკავშირებით არის კითხვები, მათ შორის, რუსულ ე.წ. მსუბუქ, ნაზ, ღია თუ უხილავ ძალაზე, უხილავ ხელზე, რომლითაც რუსეთი გვმართავს. კითხვები მაქვს, ესა თუ ის პოლიტიკური პარტია დაფინანსებას საიდან იღებს. მაინტერესებს, მას ეს ინფორმაცია ხომ არ აქვს და ვინ დგას ერთერთი ტელევიზიის უკან? რბილი ძალები მხარდაჭერას სად პოულობენ? რაიმე ტიპის აგენტურ სამუშაოებს ხომ არ აწარმოებს რუსეთი საქართველოში იმ ფონზე, როდესაც ლავროვის ნათქვამიდან მეორე დღეს საქართველოში განცხადებები კეთდება,"- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური, დღეს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ანგარიშით 16:00 საათზე წარდგება.
ვახტანგ გომელაური აპრილის დასაწყისში ანგარიშის წარსადგენად საქართველოს პარლამენტში იყო მისული, თუმცა ქვორუმის არასებობის გამო მისი მოსმენა ვერ მოხერხდა.
მასალის გამოყენების პირობები






