ადამიანის უფლებათა დასცვისა და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ჩაიშალა. ამის მიზეზი ეკა ბესელიასა და ჩიორა თაქთაქიშვილის დაპირისპირება გახდა. დეპუტატებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ანგარიში უნდა განეხილათ. თუმცა, კანონმდებლებმა მხოლოდ მოხსენების მოსმენა და რამდენიმე კითხვის დასმა შეძლეს.
„როდესაც პარლამენტის წევრი ხდება უკონტროლო, ვერ აკონტროლებს ქცევას, არ იცავს რეგლამენტს, არ ემორჩილება სხდომის წამყვანს, სხდომის წამყვანი ამ დროს იყენებს რეგლამენტის პროცედურას. ეს ერთობლივი მოსმენა, რომელიც მიმდინარეობდა საქმიან გარემოში, მისი სრულიად უკონტროლო, ექსცენტრიული, გაუმართლებელი, არაეთიკური ქცევის გამო ჩაიშალა“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
სხდომის ჩაშლის შემდეგ, ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, რომ უმრავლესობას ოპოზიციის აზრის მოსმენა არ სურდა.
ეკა ბესელიას ბაჩო ახალაიაზე საუბრისას სიტყვა ჩიორა თაქთაქიშვილმა შეაწყვეტინა. უთანხმოების მიზეზი სწორედ ეს ფაქტი გახდა. თავდაპირველად ეკა ბესელიამ თაქთაქიშვილს მიკროფონი გაუთიშა, შემდეგ კი მანდატურებს მისი დარბაზიდან გაყვანა სთხოვა. ჩიორა თაქთაქიშვილმა კომიტეტის სხდომა არ დატოვა, საბოლოოდ ეკა ბესელიამ მიიღო გადაწყვეტილება და სხდომა შეაჩერა.
მასალის გამოყენების პირობები






