ადამიანის უფლებათა დასცვისა და იურიდიული კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ჩაიშალა. ამის მიზეზი ეკა ბესელიასა და ჩიორა თაქთაქიშვილის დაპირისპირება გახდა. დეპუტატებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ანგარიში უნდა განეხილათ. თუმცა, კანონმდებლებმა მხოლოდ მოხსენების მოსმენა და რამდენიმე კითხვის დასმა შეძლეს.
სხდომის ჩაშლის შემდეგ, ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, რომ უმრავლესობას ოპოზიციის აზრის მოსმენა არ სურდა:
„ქალბატონმა ბესელიამ, ნაცვლად იმისა, რომ საუბარი გაეგრძელებინა არასამტავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების მიერ დასმულ ძალიან პრობლემურ საკითხებზე, სცადა, ეს ანგარიში წარმოესახა იმის დადასტურებად, რომ თითქოს გახმაურებულ პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით ხდებოდა სწორედ ამ პრობლემური საკანონმდებლო ხარვეზების გამოყენება. ეკა ბესელიას ნამდვილად არ მივცემ შესაძლებლობას, რომ თითისქნევით მელაპარაკოს ან მე ან ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელს. რა თქმა უნდა ის ყოველთვის მიიღებს პასუხს, როდესაც ხმას ამოიღებს ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ წარმოებულ უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებზე“, - განაცხადა თაქთაქიშვილმა.
ეკა ბესელიას ბაჩო ახალაიაზე საუბრისას სიტყვა ჩიორა თაქთაქიშვილმა შეაწყვეტინა. უთანხმოების მიზეზი სწორედ ეს ფაქტი გახდა. თავდაპირველად ეკა ბესელიამ თაქთაქიშვილს მიკროფონი გაუთიშა, შემდეგ კი მანდატურებს მისი დარბაზიდან გაყვანა სთხოვა. ჩიორა თაქთაქიშვილმა კომიტეტის სხდომა არ დატოვა, საბოლოოდ ეკა ბესელიამ მიიღო გადაწყვეტილება და სხდომა შეაჩერა.
მასალის გამოყენების პირობები






