კონგრესმენ ტედ პოს განცხადებას საქართველოსთან მიმართებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი აფასებს.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ ტედ პომ საკუთარ გამოსვლაში პასუხი გასცა კონგრესმენ რასელის განცხადებებს, რომელიც ამ უკანასკნელმა რამდენიმე კვირის წინ გააკეთა. მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების ნებისმიერი განცხადება, საქართვლოსთვის მნიშვნელოვანია:
„ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში გაკეთებული ნებისმისმიერი განცხადება არის მნიშვნელოვანი, ვინაიდან ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოს უდიდესი დემოკრატიაა და რა თქმა უნდა როდესაც საქართველოზე ლაპარაკობს ყოველთვის მნიშვნელოვანია, მოსაწონია ჩვენთვის თუ არა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც პასუხი გაეცა კონგრესმენ რასელის არც ისე კარგად მომზადებულ გამოსვლას. აქ ძალიან ღრმად და საფუძვლიანად არის გარკვეული კონგრესმენი. ის ამერიკის კონგრესს საქართველოს მხარდაჭერისკენ მოუწოდებს“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
აშშ-ს კონგრესში კონგრესმენმა ტედ პომ საქართველოს შესახებ ისაუბრა. იგი საკუთარ გამოსვლაში საქართველოსთვის თითქმის ყველა აქტუალურ საკითხს შეეხო. კონგრესმენმა ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდა ხმამაღლა დააფიქსირონ ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა. მან ასევე ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება.
შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს რესპუბლიკელმა კონგრესმენმა სტივ რასელმა საქართველოს ექს პრემიერი ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკა და მისი ანგარიშების გაყინვა მოითხოვა. კონგრესმენის თქმით ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლებაზე გავლენას კვლავ ინარჩუნებს და ის რუსეთისადმი ლოიალური და პუტინის მოკავშირეა. კონგრესმენმა ბარაკ ობამას მოუწოდა, ყურადღებით დააკვირდეს საქართველოში 2016 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ არჩევნებს, რადგან მისი თქმით, რუსეთი პრორუსული ძალების პოპულარიზაციას ახდენს და შესაძლოა ქვეყანა რუსეთის გავლენის ქვეშ მოექცეს.
მასალის გამოყენების პირობები






