"ნიუპოსტი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს პარლამენტის წევრებს
ქალბატონებო და ბატონებო,
ჩვენ, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფში შემავალი პოლიტიკური გაერთიანებები, ვითვალისწინებთ რა ქართული საზოგადოების მოთხოვნასა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესების შესახებ, ერთსულოვნად ვთანხმდებით, რომ საარჩევნო სისტემა მაქსიმალური სიზუსტით უნდა ასახავდეს ამომრჩეველთა განწყობას ანუ საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა უნდა იყოს არჩევნებში მათ მიერ მიღებული ხმების პროპორციული.
სამწუხაროდ, კოალიცია „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეინარჩუნოს წინამორბედი ხელისუფლებების დანატოვარი საარჩევნო სისტემა, რომელიც არჩევნებში მმართველ პოლიტიკურ ძალას დაუმსახურებელ უპირატესობას ანიჭებს საკანონმდებლო დონეზე.
ზემოაღნიშნული მიზნით მმართველიკოალიცია, იგნორირებას უკეთებს რა ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის ერთობლივ მოთხოვნას, ასევე 200 ათასზე მეტი მოქალაქის ხელმოწერით ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტს, მაქსიმალურად წელავს დროს რათა შეუძლებელი გახდოს საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება პარლამენტის უახლოესი არჩევნებისათვის ა.წ. ოქტომბერში.
არსებულ ცაიტნოტურ სიტუაციაში, პრაქტიკულად აღარ ესწრება საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება საკონსტიტუციო ცვლილებების გზით, თუმცა ჯერ კიდევ არის დრო, რომ ახალი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო ცვლილებების გარეშე მოხდეს საარჩევნო სისტემის ნაკლებად ფუნდამენტური, თუმცა მნიშვნელოვანი წინსვლა ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების განხორციელების გზით.
ამგვარ ცვლილებად ჩვენ მიგვაჩნია შერეული წარმომადგენლობის პროპორციული სისტემის იმპლემენტაცია, რომელიც ჩვენთან უფრო ცნობილია როგორც „გერმანული მოდელი“ არჩეულ წევრთა ფიქსირებული რაოდენობით და რომლის საშუალებით არჩევნებში ვღებულობთ პროპორციულ შედეგს, განსხვავებით დღეს გამოყენებული პარალელური სისტემისაგან. შემოთავაზებული მოდელით 73 ადგილი შეივსება ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში გამარჯვებული მაჟორიტარებით, ხოლო 77 მანდატი კი გამოიყენება, როგორც პროპორციული, საკომპენსაციო.
აღნიშნული მოდელით არც საარჩევნო ადმინიტრაციისა და არც ამომრჩევლისათვის საარჩევნო პროცედურები არ იცვლება. ერთადერთი და ძირეული განსხვავება მდგომარეობს დათვლის წესში, რომლის მიხედვითაც ცესკო შედეგების შეჯამების შემდეგ უფრო სამართლიანად გაანაწილებს მანდატებს საარჩევნო სუბიექტებს შორის და ყოველი მათგანი მიიღებს მიღებული ხმების პროპორციულ რაოდენობის ადგილს პარლამენტში.
მოგიწოდებთ მხარი დაუჭიროთ აღნიშნულ შემოთავაზებას და მოახდინოთ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების ინცირება, ხოლო ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ მას ეკისრება პასუხისმგებლობა არჩევნების ლეგიტიმაციაზე, რომლის საფუძველი პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსესუსია" - წერია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის წერილში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ზურაბ ხარატიშვილის სახელით შევიდა.

მასალის გამოყენების პირობები






