8 ივნისს საარჩევნო კამპანიის დაწყება მისაღებია არასაპარლამენტო ოპოზიციისთვისაც. მათი თქმით ამჯერად უკვე კონკრეტულად შეუძლიათ განსაზღვრონ და დაგეგმონ სტრატეგია საარჩევნო კამპანიის ფარგლებში.
ისინი ამავდროულად ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საფრთხეზეც საუბრობენ. დღეს ინტერპარტიული ჯგუფი საგანგებო შეხვედრას გამართავს, თუმცა, ძირითადი თემების შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ კონკრეტდება.
„პოლიტიკური პარტიებისთვის გრძელვადიანი საარჩევნო კამპანია მომზადებისა და მიზნების სრულფასოვანი უზრუნველყოფისთვის საკმარისი დროა. ბუნებრივია იქნება, განსაკუთრებით ძალისმიერი სტრუქტურების კუთხით, ადმინისტრაციული რესურსი გამოყენებული“, - აცხადებს ედპ-ს ლიდერი, ბაჩუკი ქარდავა.
„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი მამაუკა კაციტაძეც 8 ივნისის წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარირად განსაზღვრას მიესალმება:
„მთავრობას უნდოდა ივლისი, პრეზიდენტის ადმინისტრაციას მაისი და რაღაც საშუალო გამოვიდა, შეთანხმდა. კამპანიის დაწყება 8 ივნისიდან განსაკუთრებით კარგი იმიტომ არის, რომ თუ რაიმე გადასაწყვეტი და შეთანხმებადია, საარჩევნო გარემოს შეცვლასთან და კანონმდებლობასთან დაკავშირებით, 8 ივნისამდე ყველაფერი უნდა დასრულდეს“, - აცხადებს მამუკა კაციტაძე.
გიორგი ახვლედიანი კი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების გარეშე „ქართულ ოცნებას“ არათუ უმრავლესობაში მოხვედრა, არამედ მორალური 30%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემაც კი დაუდგება:
„აღმოაჩინეს, რომ სამსა და ხუთს შორის არის ოთხი და ოთხ თვეზე შეთანხმდნენ. რაც შეეხება „დემოკრატიულ მოძრაობას“, ჩვენთვის საარჩევნო სერიოზული შედეგის დასადებად, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. აპირებენ ძალიან სერიოზულად ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას. სხვაგვარად „ქართულ ოცნებას“ არათუ უმრავლესობაში მოხვედრა, არამედ მორალური 30%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემაც კი დაუდგება“, - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღი პრეზიდენტმა გუშინ გამოაცხადა. მანამდე კი კონსულტაციები გაიმართა გიორგი მარგველაშვილს, გიორგი კვირიკაშვილსა და დავით უსუფაშვილს შორის.
წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების თარიღად 8 ივნისის განსაზღვრას დადებითად აფასებენ უმრავლესობასა და საპარლამენტო ოპოზიციაშიც. მათი განცხადებით, 4 თვე სრულებით საკმარისია პარტიებისათვის, აწარმოონ სრულყოფილი წინასაარჩევნო კამპანია.
მასალის გამოყენების პირობები






