პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი არმაზ ახვლედიანის მიერ პარტიის რიგების დატოვებას ეხმაურება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, არმაზ ახვლედიანს არაადეკვატური ქცევებისა და განცხადებების გამო დაახლოებით ერთი წლის წინ შეუჩერდა პოლიტსაბჭოს წევრის სტატუსი.
„ძალიან დიდიხანია უკვე არმაზ ახვლედიანი არ არის ჩართული პარტიულ პროცესებში. მას ელემენტარული ინფორმაციაც კი არ აქვს იმის თაობაზე თუ რა ხდება ჩვენთან პარტიაში. აქედან გამომდინარე მის განცხადებებზე ჩვენ სერიოზულ კომენტარებს ვერ გავაკეთებთ. არმაზ ახვლედიანის გადაწყვეტილებები არ არის რელევანტური ჩვენთვის. ის არ არის ღირებული ფიგურა იმისათვის, რომ განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ მის განცხადებებს. ის, რომ არმაზ ახვლედიანი აღარ არის პარტია „ქართული ოცნების“ წევრი, ეს თავისთავად არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი იმისა, რომ პარტია ადგას სწორ გზას განახლების მიმართულებით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა არმაზ ახვლედიანმა მმართველი პარტია დატოვა, ახვლედიანი გამოვიდა პოლიტსაბჭოდანაც. აღნიშნულის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილმა წევრმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. პარტიის დატოვების მიზეზად ახვლედიანმა „ქართულ ოცნებაში“ არსებული მდგომარეობა დაასახელა, მისი თქმით პარტია აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და აზიანებს მთლიანად ქართულ პოლიტიკურ ორგანიზმს.
მასალის გამოყენების პირობები






