საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თამაზ მეჭიაურის განცხადებით საქართველოს საგარეო კურსის სისწორეში საფუძვლიანად დარწმუნებული არც პრემიერ-მინისტრი არაა. მმართველი გუნდის წარმომადგენელის შეფასებით საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები შესაძლოა გაყალბებული იყოს, ამიტომ მეჭიაური ამ საკითხთან დაკავშირებით პლებისციტის ხელმეორედ ჩატარების მომხრეა:
„მე პრემიერს და მის ხედვებს პატივს ვცემ. მე მგონია რომ საქართველოს საგარეო კურსთან დაკავშირებით მთლად დარწმუნებული არც პრემიერი არაა, ამის საფუძველს მაძლევს ის განწყობები რაც მოსახლეობაშია. თუნდაც ის რომ ხელისუფლების კურსი იმ ნებას უნდა გამოხატავდეს, რაც მოსახლეობას გააჩნია. თავის დროზე ეს რეფერენდუმი თუ პლებისციტი რაც ჩატარდა ნატოსთან დაკავშირებით, იმ პერიოდში ყველა იძახდა რომ ის არჩევნები იყო გაყალბებული და რატომღაც არავის დაუყენებია ეჭვქვეშ იმ არჩევნების ეს ნაწილი, ესეც ხომ არ იყო გაყალბებული.“- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
საქართველოს ნატოში გაწევრიანების პლებისციტი 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ჩატარდა. რეფერენდუმის კითხვა განსაზღვრული იყო შემდეგნაირად: "უჭერთ თუ არა მხარს საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკურ ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო)?". არჩევნებზე მისულ ადამინთა 77%-მა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას დაუჭირა მხარი.
მასალის გამოყენების პირობები






