არმაზ ახვლედიანმა პარტია „ქართული ოცნება“ დატოვა. ამის მიზეზად კი მმართველი პარტიის მიერ 2012 წელს ნაკისრი მთავარი ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელა.
ახვლედიანის გადაწყვეტილებას მმართველი გუნდის წარმომადგენლები აფასებენ. თამაზ მეჭიაურის განცხადებით, იგი ფიქრობდა რომ ახვლედიანს დიდიხნის წინ ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული და იგი პოლიტსაბჭოს წევრი აღარ ეგონა:
„ის ადრეც ლაპარაკობდა ბებერ ნიანგებზე, მეგონა მას უკვე ჰქონდა გადაწყვეტილება მიღებული, ყოველ შემთხვევაში არ მეგონა პოლიტსაბჭოს წევრი თუ იყო. ზოგს მეტი ამბიცია აქვს, ზოგს საფუძვლიანი ხედვა, ზოგისთვის უსაფუძვლოა. ვისაც ჰგონია, რომ მეტი ეკუთვნის და ვერ იღებს იმდენს, ან თვისობრივად სხვა შეხედულებები აქვს პრინციპულ საკითხებზე, ის შესაძლოა და ბუნებრივია უნდა გაერიდოს“, - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.
ელისო ჩაფიძე კი მიიჩნევს, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ნებისმიერ პოლიტიკოსს ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვს:
„ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში, შესაბამისად ბატონ არმაზ ახვლედიანს აქვს ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების სრული უფლება. რაც შეეხება მის შეფასებებს, ვერ გავიზიარებ“, - განაცხადა ელისო ჩაფიძემ.
რამდენიმე კვირის წინ არმაზ ახვლედიანმა „ქართული ოცნების“ შიგნით მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. "ქართული ოცნების" ყოფილმა ლიდერმა განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" რელსებიდან გადაუხვია, რაც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას საფრთხეს უქმნის. "ბებერი ნიანგებით "ქართულ ოცნებას" გამარჯვება გაუჭირდება" - აღნიშნა მან.
მის ამ განცხადებას მეჭიაურმა უპასუხა და განმარტა, რომ ,,ჯობია იყო ბებერი ნიანგი, ვიდრე კურდღელი და თანაც ახალგაზრდა“.
არმაზ ახვლედიანმა დღეს ბრიფინგი გამართა, რომლის ფარგლებშიც „ქართული ოცნების“ დატოვების დეტალებზე ისაუბრა.
მასალის გამოყენების პირობები






