„პაატა ზაქარეიშვილმა გარკვეულწილად შეკითხვები დასვა მმართველი პოლიტიკური ძალის კურსთან დაკავშირებით, რაც ჩემთვის გასაოცარია. ეჭვიც არ მეპარება, რომ პრემიერ მინისტრსაც იგივე მოსაზრება გაუჩნდა. ამ შემთხვევაში ნამდვილად ვერ ვხედავ მოტივაციას, რომ ერთი განცხადების გამო ვინმეს თანამდებობის დატოვება მოეთხოვოს. თუმცა თუკი ამ განცხადებას იგივე პაატა ზაქარეიშვილისთვის ძალიან სერიოზული საფუძველი აქვს მაშინ ის ამ კითხვებზე პასუხის გაცემით გუნდის შიგნით უნდა დაინტერესდეს.“- განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
შეგახსენებთ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი „რესპუბლიკელი“ მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „ქართული ოცნების“ წევრის თამაზ მეჭიაურის მიერ ქართულ-ამერიკულ წვრთნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი თუ როგორ უყურებს ამ წვრთნებს და შესაბამისად მეჭიაურის განცხადებას თავად „ქართული ოცნება“. მინისტრის ეს განცხადება პრემიერის მხრიდან კრიტიკის საგანი გახდა, კვირიკაშვილის თქმით ზაქარეიშვილის მხრიდან წამოსული კრიტიკა, იმასთან დაკავშირებით რომ "ქართული ოცნება" მეჭიაურის ანტინატოურ განცხადებებთან დაკავშირებით დუმს, არაობიექტური და მიუღებელია. "თუ მას გააჩნია სხვა მოსაზრებები, მიიღოს ჩვეულებრივი ადამიანური გადაწყვეტილება"- განაცხადა კვირიკაშვილმა.
მმართველი პარტიის წევრმა თამაზ მეჭიაურმა 11-26 მაისს საქართველოში დაგეგმილი ქართულ- ამერიკული წვრთნები საფრთხის მომტანად შეაფასა და აღნიშნა, რომ მაშინ როდესაც რეგიონში დაძაბული ვითარებაა, საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო ძალის კონცენტრაცია არ უნდა ხდებოდეს.
მასალის გამოყენების პირობები






